ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ობიექტურად, ბალანსის დაცვით, ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ, მაგრამ ეკონომიკაც ნელ-ნელა გავხსნათ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს ვირუსის მართვის თვალსაზრისით საკმაოდ კარგი ვითარებაა და შეიძლება ითქვას, რომ ის კონტროლს ექვემდებარება.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გადატანის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენმა ბავშვებმა დაიწყეს კლასებში განათლების მიღება, სკოლაში სიარული დაიწყეს. მე დღეს ვიყავი ზესტაფონის რაიონის სოფელ ზემო საქარაში, სადაც დასრულდა ახალი სკოლის მშენებლობა და წელს მივიდნენ ბავშვები პირველად ამ ახალაშენებულ სკოლაში. სამწუხაროდ, ამ პანდემიის გამო, მათაც ჰქონდათ წყვეტა სოფელში, თუმცა დღეს უკვე კლასებში დაიწყეს სწავლა და ეს იყო უაღრესად შთამბეჭდავი. მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს შეზღუდვები, რომლებიც დღეს საქართველოში, სამწუხაროდ, ზოგიერთ ქალაქაში გვიწევს, რომ დავაწესოთ.
ძალიან კარგად მესმის, რას ნიშნავს ეს თითოეული ჩვენი ოჯახისთვის, რას ნიშნავს ბიზნესისთვის, თითოეული იმ კომპანიისთვის, რომელიც დახურულია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ობიექტურად, ბალანსის დაცვით, ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ, მაგრამ ეკონომიკაც ნელ-ნელა გავხსნათ. ყველა კარგად ხედავთ, რომ ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით შედეგები საკმაოდ კარგი გვაქვს და ფაქტობრივად, შევიძლია ვთქვათ, რომ სრულად ვმართავთ დღეს ამ ვირუსს. იმერეთში დღეს სკოლასთან ერთად, მოგეხსენებათ, რომ ასევე, უაღრესად მნიშვნელოვანია ტურიზმით ეკონომიკის გამოცოცხლება და ვნახეთ დასრულების ეტაპზე მყოფ სასტუმროში, პრომეთეს მღვიმის ინფრასტრუქტურას პირდაპირ უერთდება ეს პროექტი. უაღრესად შთამბეჭდავი იყო ეს ყველაფერი და ეს სასტუმროც და ტურისტული ინფრასტრუქტურაც გაიხსნება მაისში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში ამ დროისთვის პირველი ტურისტები გამოჩნდნენ,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.