სტუდენტები პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას წერილით მიმართავენ და სწავლის საფასურის შემცირებას ითხოვენ. როგორც სტუდენტი, „ახალგაზრდული ძალის“ წარმომადგენელი გიორგი კაციაშვილი აცხადებს, ყოველდღიურად უამრავი სტუდენტი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსს იჩერებს. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, თუ მთავრობა ამ მოთხოვნას არ განიხილავს, მასშტაბური სტუდენტური აქციები დაიწყება.
„ჩვენ პრემიერთან წერილი გავაგზავნეთ. ჩვენ ასევე შევიმუშავეთ პეტიცია, რომელიც 17 დეკემბერს უკვე გამოქვეყნდა პეტიციების სამთავრობო პორტალზე. მოვაგროვეთ 10 ათაზე მეტი ხელმოწერა და ახლა სამი თვის ვადა აქვთ, რომ განიხილონ ეს მოთხოვნა სწავლის საფასურის განახევრებასთან დაკავშირებით. ჩვენ დღეს მივმართეთ პრემიერს, რადგან სამი თვე არ გვაქვს დრო, ყოველდღიურად ძალიან ბევრი სტუდენტი იჩერებს სტატუსს. მივმართეთ, რომ დააჩქაროს ჩვენი მთხოვნა და როგორც მშობელმა გაიზიაროს არსებული პრობლემები. ამ წერილზე საპასუხოდ ვადა არის 10 სამუშაო დღე. თუ მთავრობის ნება იქნება, გვაცნობებენ მე-10 სამუშაო დღესვე, შესაბამისად, ხვალვე უნდა დაიწყოს განხილვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ 11 თებერვალს ჩვენს მოთხოვნაზე უარყოფითი პასუხი იქნება, ჩვენ ვაანონსებთ მასშტაბურ სტუდენტურ აქციას“, -განაცხადა გიორგი კაციაშვილმა.