WSJ - Exxon და Chevron გაერთიანებისთვის ემზადებიან

ამერიკული სანავთობო კომპანიების Exxon Mobil და Chevron-ის ხელმძღვანელები 2020 წელს გაერთიანების შესაძლებლობებს განიხილავდნენ - აღნიშნული კი გახდებოდა ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაციული შერწყმა ბიზნესის ისტორიაში - ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.

გაზეთის წყაროს ცნობით, Chevron-ის გენერალური დირექტორი მაიკ ვირტი და Exxon-ის ხელმძღვანელი დარენ ვუსი ამ ვარიანტის შესახებ COVID-19 პანდემიის დაწყებიდან მალევე ალაპარაკდნენ. წყაროს თქმით, გაერთიანების შესაძლებლობის პროვოცირება გამოიწვია ნავთობსა და გაზზე მოთხოვნის მკვეთრმა კლებამ, რომელმაც თავის მხრივ, სერიოზული ნეგატიური ფინანსური გავლენა მოახდინა ორივე კომპანიაზე.

მოლაპარაკებები მოსამზადებელ ხასიათს ატარებდა და ის ამ დროისთვის არ მიმდინარეობს, თუმცა მხარეებს შეუძლიათ მას დაუბრუნდნენ ნებისმიერ დროს - აღნიშნავს წყარო.

Exxon-ისა და Chevron-ის შერწყმა ისევ გააერთიანებდა ჯონ როკფელერის მიერ დაარსებული კომპანია Standard Oil-ის მემკვიდრედ ქცეულ ორ უმსხვილეს კომპანიას, რომელიც 1911 წელს მონოპოლიად აღიარეს და მარეგულირებლის მოთხოვნის საფუძველზე მოხდა მისი გაყოფა - წერს WSJ.

ამ ორივე კომპანიის კაპიტალი ჯამში 350 მილიარდ დოლარამდე გაიზრდებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ Exxon-ის კაპიტალიზაცია 190 მილიარდია, ხოლო Chevron-ის 164 მილიარდი. მათი ჯამური ნავთობისა და გაზის მოპოვება კი 7 მილიონ ბარელს მიაღწევდა დღეღამეში. კომპანია გახდებოდა მსოფლიოში მეორე უმსხვილესი ნავთობკომპანია, როგორც მოპოვების ასევე კაპიტალიზაციის მიხედვით არაბული Saudi Aramco-ს შემდეგ.

კოკა კვირკველია