ბრიტანულმა ტანსაცმლის ონლაინ-მაღაზიამ ASOS გადაწყვიტა, გაკოტრებულ კომპანია Arcadia Group-ში შემავალი ბრენდები 405 მილიონ დოლარად შეიძინოს. საუბარია, სავაჭრო ნიშნებზე Topshop, Topman, Miss Selfridge და HIIT.
„ასეთი ცნობილი ბრიტანული ბრენდების შეძენა - ეს ნამდვილად ამაღელვებელი მოვლენაა ASOS-ისთვის და ჩვენი კლიენტებისთვის. აღნიშნულს შეუძლია დააჩქაროს ჩვენი სტრატეგიული გეგმის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს მსხვილი პლატფორმის შექმნას, რომელშიც შევა სხვადასხვა ბრენდი. ჩვენ განვაგრძობთ ონლაინ-მიმართულების განვითარებას ამ ბრენდებისთვის ისე, რომ გამოვიყენებთ საკუთარ გამოცდილებას დიზაინის, მარკეტინგის, ინოვაციისა და ლოჯისტიკის კუთხით, როგორც ბრიტანეთში, ასევე მთელს მსოფლიოში ჩვენს პარტნიორებთან მუშაობით“ - განაცხადა ASOS-ის დირექტორმა ნიკ ბეიტონმა.
რითეილერის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ბრენდების შეძენაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ ბრენდების ყოფნამ ამერიკისა და გერმანიის წამყვან ბაზრებზე. ASOS-ში ხაზი გაუსვეს, რომ 2019 წელს კორონავირუსის პანდემიამდე Topshop, Topman, Miss Selfridge და HIIT-ის ჯამურმა შემოსავლებმა 1,37 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო პანდემიის შედეგად ის 363 მილიონ დოლარამდე მკვეთრად შემცირდა, თუმცა 2020 წელს მათი ონლაინ გაყიდვები გაიზარდა 5%-ით, წინა წელთან შედარებით.
Arcadia Group-მა, რომლის შემადგენლობაში ათამდე ბრენდი შედის, მათ შორის Topshop, Topman, Burton და Dorothy Perkins, 2020 წლის 1-ელ დეკემბერს გამოაცხადა გაკოტრების პროცედურის დაწყების შესახებ. 2002 წლიდან მისი მფლობელია ბრიტანელი მეწარმე ფილიპ გრინი, რომელმაც ეს კომპანია 840 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა.
საქართველოში Arcadia Group-ი 3 ბრენდით იყო წარმოდგენილი - Miss Selfridge, Topshop-ი და Wallis-ი. Topshop-მა ბაზარი 2 წლის წინ დატოვა, შემდეგი იყო Miss Selfridge, უკანასკნელი კი, Wallis.
ონლაინ-რითეილერი ASOS ბრიტანელმა ბიზნესმენმა ნიკო რობერტსონმა, ნედრიუ რიგანმა, კვენტინ გრიფიტსმა და დებორა ტორპმა 2000 წელს დააფუძნეს. დღეისათვის ამ კომპანიის უსმხვილესი აქციონერია ჰოლანდიური კომპანია Bestseller, რომელსაც ბრიტანული კომპანიის აქციების 26,4% ეკუთვნის.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ბრიტანულმა ახალგაზრდული სამოსის ონლაინ-რითეილერმა Boohoo Group-მა შეიძინა უნივერმაღების ქსელი Debenhams, რომელმაც ასევე დეკემბერში გამოაცხადა გაკოტრების შესახებ. 200-ზე მეტი წლის ისტორიის მქონე ბრენდი 75 მილიონ დოლარად გაიყიდა.