საქართველოდან თხილის ექსპორტი 49%-ით გაიზარდა - სად ვყიდით პროდუქტს

2020 წლის 1-ლი აგვისტოდან 2021 წლის 31 იანვრამდე პერიოდში განხორციელდა 15.3 ათასი ტონა თხილის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 79.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 5.0 ათასი ტონით (49%), ხოლო ექსპორტის ღირებულება 26.8 მლნ აშშ დოლარით (51%) აღემატება 2019/2020 წწ ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, ყველაზე დიდი რაოდენობით გერმანიაში გავიდა, შემდეგია იტალია და სამეულშია ჩეხეთი.

  • გერმანია - 4 165 ტონა
  • იტალია - 3 766 ტონა
  • ჩეხეთი - 716 ტონა
  • ლიეტუვა - 442 ტონა
  • პოლონეთი - 376 ტონა
  • ესპანეთი - 430 ტონა
  • ბულგარეთი - 345 ტონა
  • საფრანგეთი - 359 ტონა
  • ლატვია - 128 ტონა
  • საბერძნეთი - 97 ტონა
  • ესტონეთი - 88 ტონა
  • სლოვაკეთი - 86 ტონა
  • ლუქსემბურგი - 84 ტონა
  • ბელგია - 44 ტონა
  • ავსტრია - 22 ტონა
  • ხორვატია - 10 ტონა

ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა სომხეთი (873 ტონა), რუსეთი (713 ტონა), თურქეთი (530), ბელარუსი (444 ტონა), უკრაინა (290 ტონა), ბრაზილია (186 ტონა), ალჟირი (185 ტონა), კანადა (146 ტონა), საუდის არაბეთი (166 ტონა), შვეიცარია (89 ტონა), მექსიკა (67 ტონა), უზბეკეთი (58 ტონა), სირია (50 ტონა), არაბთა გაერთიანებული საამიროები (44 ტონა), იორდანია (38 ტონა), დიდი ბრიტანეთი (35 ტონა), ერაყი (24 ტონა), აშშ (19 ტონა) და სხვა.

„აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან, აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების შედეგად, თხილის წარმოება (შესაბამისად ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია. 2020 წელს მიღებული მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი სახელმწიფო სტრატეგიის საფუძველზე, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგი“ - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.