კორონავირუსის პანდემიისას თბილისში მოქმედ ლომბარდებში მიმართვიანობა მცირედით გაიზარდა.
ლომბარდების წარმომადგენლები „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობენ, რომ მომართვიანობამ განსაკუთრებით მეორე ე.წ. ლოკდაუნის შემდეგ მოიმატა. აბარებენ ყველაფერს, განსაკუთრებით კი ტექნიკას.
როგორ შეიცვალა ლომბარდებისთვის მიმართვა პანდემიის პირობებში - ამასთან დაკავშირებით „ბიზნესპრესნიუსმა“ თბილისის სხვადასხვა უბანში მოქმედ რამდენიმე ლომბარდს მიმართა.
,,ვერ ვიტყვი, რომ მთელი წელი ძალიან ბევრი ადამიანი ალომბარდებდა ნივთებს, ან გაგვეზარდა ბრუნვა. პირველი ტალღის დროს, მეტ-ნაკლებად ეტყობა იმედიც მეტი იყო და ფულიც ხალხში. უკვე მეორე ტალღის დაწყებიდან კი, განსაკუთრებით ბევრი ადამიანი მოდიოდა და ალომბარდებდა ტექნიკას“, - აცხადებენ ვაგზლის მოედანზე მდებარე ერთ-ერთ ლომბარდში.
,,მიმართვა განსაკუთრებით ახალგაზრდების მხრიდან გაიზარდა, რომლებიც კაფე-რესტორნებში მუშაობდნენ, შესაძლებლობაც ჰქონდათ და ძვირიან ტექნიკას ყიდულობდნენ. ახლა სამსახურის გარეშე დარჩნენ გაურკვეველი დროით და ამ ნივთებს ალომბარდებენ, რომ ელემენტარული საარსებო პირობები შეიქმნან“.-ამბობენ ერთ-ერთ ლომბარდში.
,,ლომბარდებს სულ აქვს მომართვა და ისიც უნდა ითქვას, რომ ძირითადად ერთი და იგივე ადმიანების მხრიდან. რომლებმაც იციან, რომ საშიში ორგანიზაციები არ ვართ და შეუძლიათ როცა ფული დასჭირდებათ, ნივთი შემოიტანონ თანხის სანაცვლოდ და თუ იმ მინიმალურ პროცენტს გადაიხდიან, რაც დაწესებულია, უპრობლემოდ წაიღებენ შემდეგ ამ ნივთებს“-უთხრეს ,,ბიზნესპრესნიუსს“ ვარკეთილში მდებარე ერთ-ერთ ლომბარდში.
,,ხალხი, ოქროს ნაკლებად ალომბარდებს უკვე, ძირითადად ტექნიკას. მარტო მობილურებს არა, საყოფაცხოვრებოსაც - მაცივრებს, ტელევიზორებს და ა.შ. განსაკუთრებულად არც გაზრდილა და არც შემცირებულა, ბოლო რამდენიმე წელია მუდმივად ასეა“, - აცხადებენ, თბილისის ერთ-ერთ ლომბარდში.
,,წლებია ამ ბაზარზე ვარ და ტენდენცია არ შეცვლილა, მსესხებლები ყველაზე ხშირად მობილურებს და ლეპტოპებს ალომბარდებენ. რა თქმა უნდა, როცა ადამიანები სამსახურს კარგავენ მეტად ამბობენ იმ ნივთებზე უარს, რომელიც პირველადი დანიშნულების არაა“,- ამბობენ ლომბარდში, რომელიც 10 წელზე მეტია ბაზარზეა.
,,ხალხს როცა უჭირს და სამსახურიც აღარ აქვს, ყიდის ნივთებს და არ ალომბარდებს. ახლა ეგ დროა, როცა ხალხს ისე უჭრს, რისი გაყიდვაც შეიძლება, ყიდიან. არ მგონია, რომ ამ დროს ვინმეს გაზრდოდა მოგება ან მომართვა აფთიაქების და სუპერმარკეტების გარდა“- განაცხადა თბილისში მოქმედი კიდევ ერთი ლომბარდის წარმომადგენელმა.
ცნობისათვის, დღეისათვის საქართველოში მოქმედი ლომბარდების ზუსტი რაოდენობა უცნობია. ერთ-ერთი ბოლო კვლევა, რომელიც საქსტატმა ჩაატარა, 2017 წლის მონაცემებს მოიცავს. იმ დროს ქვეყანაში სალომბარდო საქმიანობით დაკავებული იყო 875 მოქმედი ორგანიზაცია (ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გარდა). ამავე სტატისტიკით, ლომბარდების 55,7% თბილისში მდებარეობდა, 12,1% - იმერეთის რეგიონში, 9,9% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9,7% - აჭარაში, ხოლო დანარჩენი 12,6% სხვა რეგიონებში.