„ძალიან რთული ეტაპი გვიდგას, წარმოება გაგვინახევრდა“- რა გავლენა იქონია პანდემიამ საქართველოში პირველ ვერტიკალურ ფერმაზე

„ძალიან რთული ეტაპი გვიდგას, წარმოება გაგვინახევრდა“ - ამის შესახებ ქვეყანაში პირველი ვერტიკალური ფერმის „მიკროგრინი“ თანადამფუძნებელმა მარიტა გენებაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა. მისი თქმით, მიკრომწვანილების მომხმარებელი ძრითადად „ჰორეკა“ სექტორია, რომელიც პანდემიის გამო გაჩერებულია. ეს კი, კომპანიის წარმოებაზე პირდაპირ აისახა.

მისი თქმით, პანდემიურ პირობებში „მიკროგრინმა“ ყველა თანაშრომელი შეინარჩუნა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ხელფასები წარმოებაზეა მიბმული, მათი ანაზღაურებაც შემცირდა.

ცნობისთვის, საქართველოში პირველი ვერტიკალური სათბური შპს „მიკროგრინი“ თბილისში, 2017 წელს აშენდა. სათბური დაახლოებით, 200 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული, სადაც პროდუქციის მოყვანა სპეციალურ მრავალდონიან ვერტიკალურ თაროებზე განთავსებულ კონტეინერებში ხდება. სათბური აღჭურვილია ისეთი სისტემით, რომელიც მიკროკლიმატს ინარჩუნებს. შპს-მ საკუთარი პროდუქციის ბაზრისთვის მიწოდება 2017 წლის ზაფხულშივე დაიწყო.

34034006-368016487024854-5535576390520274944-o-1602852351-1612255834.jpg

ამ დროისთვის სათბურში 20-მდე დასახელების პროდუქტი იწარმოება, რომელთა შორისაა: ბოლოკი, წიწმატი, სალათის მიქსი, ბროკოლი, წითელი კომბოსტო, ჭარხალი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბარდა, მდოგვი, მზესუმზირა, ბაზილიკი, ნასტურცია, რუკოლა და ა.შ.

მიზეზი, თუ რატომ არის მიკრომწვანილები უფრო სასარგებლო, ვიდრე ტრადიციული, კომპანიაში განმარტავენ, რომ კვლევების თანახმად ის გაცილებით უფრო კონცენტრირებულია ნუტრიენტებითა და ანტიოქსიდანტებით, ვიდრე მისი ზრდასრული ვერსია. ამასთან, მიკროგრინი კერძებს ახლებურ, გამორჩეულ გემოს მატებს, რადგან სხვადასხვა ტიპის მიკრომწვანილებს განსხვავებული არომატი აქვს.

49793792-508389726320862-7468435038065917952-o-1602852438-1612255852.jpg

„ახალი პროდუქტები არ დაგვიმატებია. პირიქით, სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესის გაჩერება ჩვენზე პირდაპირ აისახა, რადგან მათზე ვართ მიბმულები. ჩვენი ძირითადი მომხმარებელი სწორედ „ჰორეკა“ სექტორია. შესაბამისად, ამ პანდემიურ პირობებში ძალიან რთული ეტაპი გვიდგას, წარმოება გაგვინახევრდა. თუმცა, რას ვიზამთ, ვუძლებთ. თანაშრომლები არ გაგვიშვია, უბრალოდ, უფრო ნაკლებ დროს მუშობენ და იქიდან გამომდინარე, რომ ხელფასები მიბმულია წარმოებაზე, მათი ანაზღაურებაც შემცირებულია. ეს არის რეალობა, რაშიც ვართ“,- განაცხადა მარიტა გენებაშვილმა.

ნინი ქეთელაური