გიორგი ჯახუტაშვილი: „ყაზახეთისთვის საქართველო რომ მიმზიდველი პარტნიორია, ამას  500 მილიონი აშშ დოლარის განხორციელებული ინვესტიციაც მოწმობს“

როგორ აისახა პანდემია და შეზღუდული ავიამიმოსვლა ქართულ-ყაზახურ საინვესტიციო ბაზარზე

ყაზახეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი მსხვილი ეკონომიკური პარტნიორია, რომლის სავაჭრო ბრუნვამ, ბოლო 10 წლის განმავლობაში, დაახლოებით, 1,5 მილიარდ დოლარს მიაღწია, საიდანაც 800 მილიონ დოლარზე მეტი საქართველოდან განხორციელებული ექსპორტი იყო. ეს საკმაოდ ეფექტური და მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნების ფონზე, როგორიც საქართველო და ყაზახეთია.

ყაზახეთი-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები: როგორ აისახა პანდემია და შეზღუდული ავიამიმოსვლა ქართულ-ყაზახურ საინვესტიციო ბაზარზე და რა პოტენციალი გააჩნია ამ ორ ქვეყანას კიდევ უფრო გაამყაროს ერთმანეთთან ეკონომიკური თუ კულტურული კავშირები, გვესაუბრება ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული საქართველოში, გიორგი ჯახუტაშვილი.

- როგორ შეაფასებდით ყაზახური ინვესტიციების როლს ქართულ ეკონომიკაში, რა პოტენციალი და სამომავლო გეგმები აქვს ამ თანამშრომლობას?

- ზოგადად, საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის უცხოურ ინვესტიციებს ალტერნატივა არ გააჩნია და 2020 წლის კრიზისმა ამას ხაზი კიდევ მეტად გაუსვა. მსოფლიოს ყველა ქვეყანა ეკონომიკების აღსადგენად საინვესტიციო ბაზრების კონკურენტებად გადაიქცა და ჩემი აზრით, მოკლევადიან პერიოდში საქართველოში უკვე არსებული ინვესტორებისა და მათთან თანმდევი შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენება გაცილებით რეალური გახდა, ვიდრე ახალი ბაზრებიდან ახალი ინვესტორების მოძიება. ყაზახური ინვესტიცია საქართველოში 2006 წლიდან ხორციელდება და მისი მაჩვენებელი, სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით, 240 მილიონის ფარგლებში მერყეობს. დღეისათვის, საქართველოს განვითარებაში ყაზახური ინვესტიციების როლის შესაფასებლად მხოლოდ ეს არგუმენტიც საკმარისია, თუმცა, ამას ემატება სხვადასხვა არხებით შემოდინებაც, რაც მთლიანობაში ნახევარ მილიარდ დოლარს აღემატება.

დღეს სქართველოში ყაზახური კაპიტალით უკვე წარმოდგენილია ბანკი, პორტი, ნავთობკომპანია და ავიახაზები, რომლებსაც წლების განმავლობაში თან შემოყვა ბევრი კერძო სუბიექტი, რომლებმაც ფული ძირითადად უძრავ ქონებაში ან სხვა საშუალო ბიზნესში დააბანდეს, დაასაქმეს საკმაოდ ბევრი ადამიანი და სურთ აღნიშნული საქმიანობების განვითარება. ეს ყველა ერთობლიობაში წარმოადგენს იმ რესურსს, რომელსაც, ჩვენი ხელშეწყობის შემთხვევაში, შეუძლია კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, ამასთან, თავად იქცეს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის არხად, რადგან არსებობს პოტენციალი და რესურსი, რომელიც ჯერ კიდევ გამოუყენებელია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ბაზარზე ფოკუსირებულები ვიყოთ, რათა შევძლოთ მათი პოტენციალის ჩვენს ქვეყანაში გამოყენება, აუცილებელია, გავეცნოთ მათ ინტერესებს, მათ საჭიროებებს და მხარი დავუჭიროთ.

- საინტერესოა, რამდენად მიმზიდველია საქართველო მათთვის, ან მომავალში ხომ არ იგეგმება ახალი ინვესტიციების განხორციელება ყაზახეთის მხრიდან?

- ყაზახეთისთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ქვეყანაა, უპირველესად, ჩვენი ქვეყნის ლოგისტიკის შესაძლებლობები გამო. გარდა ამისა, ყაზახი ინვესტორებისთვის საქართველო მიმზიდველია საგადასახადო დაბეგვრის, კორუფციის მაჩვენებლისა და ჩემი აზრით, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორის, საქმის წარმოების კომფორტის კუთხითაც. საქმის წარმოების კომფორტში არ ვგულისხმობ, ბიზნესის რეგისტრაციის სიმარტივეს ან ელექტრონულ საჯარო სერვისების მიღმა არსებულ ბიუროკრატიას, ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ. აქ აღსანიშნავია ხალხებს შორის კულტურული სიახლოვე და ენობრივი ბარიერების არარსებობა, რაც ამარტივებს თანამშრომლობას ინვესტორებსა და ადგილობრივ დაქირავებულებს შორის. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ სხვა ქვეყანაში ინვესტირება საფუძველს უდებს საშუალო-ვადიან მივლინებებს. ეს შესაძლოა, თავის მხრივ, გახდეს ახალი ინვესტიციის მოზიდვის წინაპირობა, რადგან ხშირ შემთხვევაში ყაზახური ოჯახებისთვის საქართველოს გარემო სასურველი და საინტერესოა.

bax-shida-1612256727.jpg

აღნიშნული ფაქტორები ყურადსაღებია და საქართველოში გეოპოლიტიკური რისკების საპირწონედაც კი, შეიძლება იქნას გამოყენებული, რადგან მსოფლიოში საკმაოდ ცოტაა ისეთი ტიპის ქვეყნები, რომლებსაც შეუძლიათ თავისუფლად აწარმოონ ერთმანეთთან საქმიანობა/ბიზნესი, ამავე დროს ამ საქმის კეთება მოსწონდეთ და კომფორტულად გრძნობდნენ თავს. ყაზახეთისთვის საქართველო რომ მნიშვნელოვანი პარტნიორია, ამას 500 მილიონი აშშ დოლარის განხორციელებული ინვესტიციაც მოწმობს, რაც პოსტ საბჭოთა სივრცეში, არამეზობელ ქვეყნებს შორის განხორციელებულ ინვესტიციებს შორის ყველაზე დიდი რიცხვია. ფაქტია, რომ დღეს საქართველოს ეკონომიკაში ყაზახური კაპიტალი მნიშვნელოვნად არის წარმოდგენილი, მხოლოდ მარტივი ხელშეწყობით, აღნიშნული მაჩვენებელი შესაძლოა, გასამმაგდეს კიდეც.

- თქვენი, როგორც ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსულის საქართველოში ძირითადი ფუნქცია და მიზანიც არის, ამ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება და გაღრმავება. პანდემიით გამოწვეული პრობლემების გარდა, რა კონკრეტული პრობლემების წინაშე დგას დღეს ყაზახური ინვესტიციები, და ზოგადად, რა არის ის გადაულახავი საკითხი, შესაძლოა, პრობლემაც კი, რაც ინვესტორებს გააჩნიათ საქართველოში?

- წლიდან წლამდე ინვესტიციების მატებას საქართველოში პრობლემების დაგროვებაც მოჰყვა. უპირველესად, საწყის პერიოდს დაემთხვა 2008 წლის ომი და 2009 წლის ფინანსური კრიზისი, რამაც, რა თქმა უნდა, ბევრი სუბიექტი დააყენა პრობლემების წინაშე, რაც აისახა მათ საქმიანობაზეც. თუმცა ეს ზოგადი ფაქტორია, ხოლო კონკრეტულად ყაზახურ-ქართულ ბიზნეს გამოცდილებაში ბევრია შემთხვევა, როდესაც ყაზახური კერძო სექტორი ემოციურ ინვესტიციებს ახორციელებდა საქართველოში, ჩვენთვის ერთნაირად ჩვეულ ნდობაზე დამოკიდებული ზეპირი შეთანხმებებით, რასაც თავისთავად თან ახლდა გარკვეული პრობლემები. ბიზნესის პრობლემებში ყოველთვის მთავრობას ვერ დავადანაშაულებთ, ძალიან მნიშვნელოვანია თავად ბიზნესის წარმოების თანმიმდევრობა. ამ შემთხვევაში საქართველოს ბაზარზე საქმის წარმოებისთვის საჭირო გამოცდილება, რადგან ყველა ქვეყნის მსგავსად საქართველოსაც გააჩნია სპეციფიკური თავისებურებები. ამ ეტაპზე ძალიან ბევრი დაგროვებული პრობლემაა, რომელთაგან ზოგი სასამართლო სისტემის, ზოგის სახელისუფლებლო ბიუროკრატიის და სხვა მიზეზებით გაჭიანურებულია. გაჭიანურების მთავარი მიზეზები კომუნიკაციის თავისებურება და კომპლექსურობა მგონია, რასაც გარკვეულწილად მედიატორის ფუნქციის შემსრულებელი სჭირდება, რომელიც კარგად იცნობს ორივე მხარეს და დაეხმარება კომუნიკაციის გაუმჯობესებაში. სწორედ ასეთ პლატფორმად წარმომიდგენია საპატიო კონსულის ინსტიტუტი, რომელიც ფორმალურად წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის აღიარებულ სტატუსს და მთავარი მისია კი, სწორედ, ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ხელშეწყობაა. აღნიშნული სტატუსით მეძლევა შესაძლებლობა, რომ საქართველოს ხელისუფლებას დავეხმარო ყაზახურ ბიზნესთან არსებული პრობლემების გადალახვაში და ხელი შევუწყო ახალი ინვესტიციების მოზიდვაში. ხაზგასასმელია, რომ ყველა ქვეყანას აქვს პოტენციალი საქართველოსთან ეკონომიკური განვითარების. საკმაოდ ბევრი ქვეყანაა, სადაც აუთვისებელია სავაჭრო, საინვესტიციო და ტურისტული მიმართულებები, რასაც სჭირდება ფოკუსირებული და დაკვირვებული მუშაობა.

- რომელ დარგებსა და ინდუსტრიას გულისხმობთ და რა მიმართულებითაა საჭირო მუშაობა, ასევე თქვენი ჩართულობა და ხელშეწყობა?

- ტრადიციული დარგები ხელის გულზეა: ენერგეტიკა, უძრავი ქონება, ტურიზმი, წიაღისეული და ლოგისტიკა. ზოგადად, საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას, მითუმეტეს როცა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ამის შესაძლებლობას იძლევა. მაგალითად, ჩვენ გვინდა და გვჭირდება პოზიციონირება საერთაშორისო ლოგისტიკური ჰაბის ჭრილში, კორიდორული გამტარი ფუნქციიდან გადავიდეთ ჰაბის ფუნქციაში, რაშიც სავარაუდოდ, ყაზახეთიც დაინტერესებულია. მოგეხსენებათ, ყაზახეთი არის მონაწილე იმ აბრეშუმის გზისა, რომელიც ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით გადის. ჩვენ გვინდა, საქართველოდან მოხდეს ევროპაში აზიური და ჩინური კომპანიების ტრანზიტი და პირიქით. ევროპაც და აზიაც შესანიშნავად მზარდი ბაზრებია და შესაბამისად, ყაზახეთის, აზერბაიჯანის და მთელ ამ ჯაჭვში მონაწილე ქვეყნების გარეშე ამის გაკეთება შეუძლებელია და მიზანშეწონილიც არ არის. ამიტომ, საკმაოდ, მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება, რასაც მუდმივი მუშაობა და დახვეწა სჭირდება.

- ერთწლიანი პანდემიის პირობებმა საგარეო ვაჭრობასა თუ ურთიერთობას გარკვეული უარყოფითი კვალი დაამჩნია, და მაინც, რა გავლენა იქონია ქართულ-ყაზახური თანამშრომლობის გაღრმავებაზე და რა გამოსავალი არსებობს, რომ უფრო სწრაფად გადავწყვიტოთ COVID-19-ის შედეგად გამოწვეული პრობლემები, ეს იქნება ფრენების აღდგენა თუ სხვა მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც ხელს შეუწყობს, დავუბრუნდეთ იმ მდგომარეობას, რაც იყო პანდემიამდე?

- ხშირად ვამბობთ, რომ ამ კრიზისის დამახასიათებელია ის რომ, ეს არის ყველასთვის - ყველა ქვეყნისთვის, დარგისთვისა თუ სფეროსთვის. ასევე ყველას გვჭირდება ეკონომიკური საქმიანობის აღდგენა და აქედან გამომდინარე, ყველა მოტივირებულები ვართ აქტიური საქმიანობისთვის. ამას უბრალოდ ბარიერების მაქსიმალური შემსუბუქება და უფრო მეტად პროგნოზირებადი გარემო სჭირდება. დღეს, საკმაოდ რთულია ერთკვირიანი პროგნოზის გაკეთებაც კი, რადგან დაპირებული შეზღუდვების შემსუბუქებაც, შესაძლოა, სათუო იყოს და ის დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ეპიდემიურ მდგომარეობაზე.

თქვენ აღნიშნეთ ავიამიმოსვლა, რაც ხშირად ასოცირებულია მხოლოდ ტრადიციულ ტურიზმთან, თუმცა აქ გასათვალისწინებელია საქმიანი ტურიზმიც, რადგან საქართველოში დაგროვდა უცხოური ინვესტიციები, რომლებიც ასევე საჭიროებენ მათი მეპატრონეების მხრიდან ყურადღებას. ამასთან, არსებობს ახალი მოლაპარაკებები, რომლებიც ვერ განხორციელდება, თუ მიმოსვლა არ აღდგება, ან ქვეყანაში შემოსვლის ბარიერები არაკომფორტული იქნება. მოკრძალებული რეკომენდაცია იქნება ხელისუფლების მიმართ, რომ წერტილოვან შემსუბუქებასთან ერთად, განსხვავებულად მოხდეს უცხოელი ავია მგზავრების საქართველოში შემოსვლის პროტოკოლის დადგენა ცალკეულ ქვეყნებთან მიმართებაში, რადგან ყველა ქვეყანა ერთი რისკის მატარებელი ნამდვილად არ არის და ამავდროულად, განსხვავებულია მათი ეკონომიკური ეფექტი. ამ შემთხვევაში ვისაუბრებ ყაზახეთზე, რადგან მას წარმოვადგენ. ვფიქრობ, ყაზახეთიდან მომავალ მგზავრებზე ქვეყანაში შემოსვლის პროტოკოლის შემსუბუქება შესაძლებელია, რადგან ეპიდემიოლოგიურად სარისკო მიმართულება ნამდვილად არ არის. მართალია, ერთი მხრივ, საქართველოში ყოველდღიურად უფრო მეტი დაინფიცირებული ვლინდება, ვიდრე ყაზახეთში, თუმცა მეორე მხრივ, მგზავრთა დიდი ნაკადი მოსალოდნელი არ არის, მაშინ როცა დაკეტილია ზამთრის კურორტები და პანდემიამდეც ყაზახურ ავია ნაკადი ტურისტების რაოდენობა ჯამურ ავია ნაკადის 2 პროცენტს არ აღემატებოდა. ყაზახეთიდან ძირითადად მოსალოდნელია საქმიანი მიმოსვლა, რაც საჭიროა ნახევარ მილიარდამდე ინვესტიციის მოსავლელად, ახალი ინვესტიციების მოსაზიდად და სავაჭრო ურთიერთობებისთვის. უბრალოდ, ყველა შესაძლებლობა გადაიწევს მანამდე, ვიდრე ქვეყანაში შემოსვლა არ გამარტივდება, არავინ ჩამოვა საქართველოში 3 გადაჯდომით, ანდა 1 კვირიანი კარანტინის მოლოდინით. აქედან გამომდინარე, კრიზისის დასაძლევად, მნიშვნელოვანია, კომფორტული ავია მიმოსვლის აღდგენა. ამისთვის მინიმუმ მოსამზადებელი პერიოდია საჭირო.

- გეთანხმებით, ავიამიმოსვლის აღდგენა განსაკუთრებით აუცილებელია საქმიანი ურთიერთობებისთვის, რადგან ბიზნესის წარმოება ონლაინ გამორიცხულია, რადგან ხელის ჩამორთმევის ალტერნატივა არ არსებობს - ეს არის ნდობისა და პირობის ფაქტორი. ამ ფონზე თქვენს გეგმებზე მინდა გკითხოთ...

- ჩემს ფუნქციებში შედის სწორედ, ამ ორ ქვეყანას შორის კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება და ხელშეწყობა. ვეცდები, ჩემი სტატუსი გამოვიყენო სისტემური გადაწყვეტების მოსაძებნად. ეს ურთიერთობა საჭიროებს ერთიანი პლატფორმის არსებობას, სადაც მოხდება ამ ორი ქვეყნისთვის აუცილებელი და საჭირო გადაწყვეტილებების მიღებისთვის ნიადაგის მომზადება. დაგეგმილი გვაქვს და უმოკლეს დროში დავარეგისტრირებთ ყაზახურ-ქართულ ეკონომიკურ გაერთიანებას. გაერთიანებაში თავს მოიყრიან საქართველოში არსებული ყაზახური კომპანიები, მათ შორის ფიზიკური პირებიც, ასევე ქართული კომპანიები, რომლებიც ყაზახური ბაზრით არიან დაინტერესებულნი. ორგანიზაციის მიზნები 4 მთავარი მიმართულებით იქნება წარმოდგენილი, როგორიცაა სავაჭრო, საინვესტიციო, ტურისტული და კულტურული ურთიერთობების განვითარება. აუცილებელია, ფოკუსირებულად გამოვიკვლიოთ და გადავჭრათ ამ მიმართულებებით დღეს არსებული პრობლემები.

(R)