ელექტრომობილების დამტენები ეტაპობრივად ფასიანი გახდება. როგორც E-space-ის გენერალურმა დირექტორმა ავთო შავიშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, პროცესი 15 თებერვალს თბილისიდან, სატესტო რეჟიმში დაიწყება და ერთი წუთის ღირებულება 3-დან 17 თეთრამდე, ავტომობილის სიმძლავრის მიხედვით იმერყევებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 100 კილომეტრისთვის საჭირო მუხტის მიღება მომხმარებელს 8-9 ლარი დაუჯდება.
„ჩვენ 15 თებერვლიდან ვგეგმავთ პირველი ფასიანი დამტენების სატესტო რეჟიმში გაშვებას. შევხედავთ და თუ ნორმალურად წავიდა საქმე, 15-16 თებერვლიდან უკვე ფასიანი იქნება. თუმცა, ეტაპობრივად, ანუ, ყველა ერთად არ გაფასიანდება. პროცესი დაიწყება თბილისიდან და დაახლოებით, 10 დამტენი იქნება ფასიანი.
რაც შეეხება ფასს, 3-დან 17 თეთრამდე იქნება. თუმცა აქაც დავაზუსტებ, სწრაფი დამტენი აწოდებს სტაბილურ 50 კილოვატს, მე-2 დონის დამტენი 22-კილოვატიანია. თუ რამდენი კილოვატის მიღება შეუძლია 1 საათში, ეს უკვე თავად ელექტრომობილზეა დამოკიდებული. ზოგი ელექტრომობილი იღებს 3,19 კილოვატს, ზოგი - 6,4-ს, 12-ს, ან 18-ს. შესაბამისად, წუთობრივად ყველას ერთი ტარიფი ვერ მიესადაგება. იმიტომ, რომ ვინც სწრაფად ტენის, ის გამოდის, ნაკლებს გადაიხდის და ვისი ელექტრომობილიც უფრო ნელა იღებს მუხტს, მას მოუწევს უფრო დიდი ხანი ლოდინი და მეტის გადახდა. სწორედ ამის გამო, ეს განსხავავება რომ არ იყოს, სხვადასხვა ჯგუფს, შესაბამისი ტარიფი მივუსადაგეთ , რათა საშუალოდ, ერთი ღირებულება გამოუვიდეთ მუხტის ასაღებად. ანუ, 100 კილომეტრის საჭირო მუხტი რომ აიღოს, მომხმარებელს დასჭირდება საშუალოდ, 8-9 ლარის ფარგლებში“, - ამბობს ავთო შავიშვილი.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანიას საქართველოს მასშტაბით უკვე 86-ზე მეტი საჯარო დამტენი აქვს.
„საქართველოს მასშტაბით უკვე 86-ზე მეტი საჯარო დამტენი გვაქვს და 150-ზე მეტი ჩვენი კომპანიის მიერ არის დამონტაჟებული. ანუ გარდა ჩვენი ქსელისა, კომპანიებსაც ვემსახურებით და ვეხმარებით დამტენების ინფრასტრუქტურის მოწყობაში“,- განაცხადა ავთო შავიშვილმა.
რაც შეეხება ელექტრომობილების რაოდენობას, როგორც E-space-ის გენერალური დირექტორი ამბობს, 2020 წლის მდგომარეობით, საქართველოში ჯამში 2486 ელექტრომობილია რეგისტრირებული. ეს მაშინ როდესაც 2019 წელს 1600-მდე იყო.