მთავრობის ადმინისტრაციასთან ტურიზმის და მცირე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები აქციას მართავენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ბიზნესი არ უნდა გაჩერდეს, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ მუშაობის შესაძლებლობა.
როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ალექსანდრე გიორგიძე აცხადებს, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, სხვადასხვა ფორმით გამოაცხადებენ დაუმორჩილებლობას.
“ჩვენ ველოდებოდით დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოს სხდომას, რომელიც, სამწუხაროდ, არ გაიმართა. ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო ქვეყნის გახსნა ძალიან მალე და სწრაფად კონკრეტული თარიღების დასახელებით, რადგან ბიზნესი არ გაჩერებულიყო. აღმაშფოთებელია ის, რომ სახელმწიფო ჩაიკეტა თავის ნაჭუჭში.
ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმებას და ტრანსპორტის აღდგენას არაფერი აქვს საერთო კოვიდთან ბრძოლაში. ადამიანებს ჰქონდეთ მუშაობის საშუალება. თუ ეს არ მოხდება, გვაქვს გეგმა, გავდივართ კონსულტაციებს ბიზნესთან. ეს იქნება გარკვეული დაუმორჩილებლობის აქტი სხვადასხვა ფორმით, რომელი ბიზნესიც როგორ მოახერხებს, იქამდე სანამ შედეგი არ დადგება“,-აცხადებს აქციის ორგანიზატორი.