უწყებები, რომლებმაც პანდემიის პერიოდში საეჭვო შესყიდვები განახორციელეს - IDFI

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) Covid-19-ის პერიოდში განხორციელებული საეჭვო შესყიდვების შესახებ მორიგ კვლევას აქვეყნებს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, საქართველოში კორონავირუსული ინფექციის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დღიდან ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ინფექციასთან ბრძოლისათვის განხორციელებული საჯარო შესყიდვების 3 კვლევა გამოაქვეყნა. თითოეული მათგანი მოიცავდა სისტემური თუ კონკრეტული პრობლემების ანალიზსა და მათი გადაჭრისათვის საჭირო რეკომენდაციებს. კვლევების თემატური დაყოფიდან გამომდინარე, მათში ვერ მოხვდა საეჭვო გარემოებების შემცველი ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვები, რომელთაც აღნიშნულ კვლევაში წარმოგიდგენთ.

ორგანიზაციის კვლევის შედეგად გამოვლენილი გარემოებები მიუთითებს, რომ პანდემიის პერიოდში განხორციელებული გამარტივებული შესყიდვები ზოგ შემთხვევაში ფორმდებოდა გამოუცდელ ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ კომპანიებთან. წალენჯიხისა და ზუგდიდის შემთხვევებმა ნათლად გამოკვეთა, რომ მუნიციპალიტეტებში ხშირად გამარტივებული შესყიდვები გამოიყენება თანამდებობის პირებისა თუ მათი ოჯახის წევრებისა და ბიზნესპარტნიორებისათვის ხელშეკრულებების გასაფორმებლად. მნიშვნელოვანია, გამარტივებული შესყიდვების განხორციელებისას მიმწოდებლის არჩევის პროცესის გამჭვირვალე იყოს, რაც უზრუნველყოფს მიმწოდებლის კონკურენტულ შერჩევას.

ამასთან, პანდემიის გამო სკოლებისა და ბაღების სველი წერტილების გადაუდებელი აუცილებლობით შეკეთების საჭიროება შესაძლოა მიუთითებდეს, რომ მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჰიგიენური ნორმების დაცვა უზრუნველყოფილი არ არის და საჭიროებს სისტემურ მიდგომას.

პანდემიის დროს გარემონტებული სკოლებისა და ბაღების სველი წერტილები

2020 წლის 22 ივლისიდან 30 სექტემბრის პერიოდში გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით, 41-მა მუნიციპალიტეტმა 241 სკოლისათვის და 16-მა მუნიციპალიტეტმა 133 ბაღისთვის გამარტივებული შესყიდვის გზით შეიძინა სველი წერტილების მოწყობასთან დაკავშირებული მასალა და მომსახურება. გადაუდებელი აუცილებლობა ხშირ შემთხვევაში დასაბუთდა COVID-19-ის გავრცელების პრევენციისათვის შესაბამისი ჰიგიენური პირობების დაცვით.

ამ მიზნობრიობით გაფორმებული გამარტივებული ხელშეკრულებების რაოდენობა 235-ია, ჯამური ღირებულება კი 11,662,116.91 ლარია. აქედან 9,655,346.44 სკოლების, ხოლო დანარჩენი კი ბაღების სველი წერტილების ხელშეკრულებებისთვის იყო გათვალისწინებული. ყველაზე მეტი თანხა, 1,120,452.03 ლარი, სკოლებისთვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა გამოიყენა.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 09 იანვრის განკარგულებით, 57 მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი იყო მიზნობრივი ტრანსფერი სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების შესყიდვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, თუმცა COVID-19-ის გავრცელებამ პრიორიტეტები შეცვალა და მუნიციპალიტეტებს მიეცათ რეკომენდაციები საჯარო სკოლებთან დაკავშირებით განეხორციელებინათ მხოლოდ სანიტარული კვანძების რეაბილიტაციის სამუშაოები. ასევე საქართველოს მთავრობის 2020 წლის 11 ივნისის N947 განკარგულებით, მუნიციპალიტეტებს უფლება მიენიჭა სველი წერტილების საპროექტო-სახრაჯთაღრიცხვო მომსახურება გამარტივებული შესყიდვით განეხორციელებინა, ხოლო საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 ივნისს N973 განკარგულებით კი გაუქმდა მუნიციპალიტეტებისათვის განსაზღვრული ლიმიტები და მუნიციპალიტეტებს უფლება მიეცა ფაქტობრივი საჭიროების შესაბამისად შეეძინათ სველი წერტილების მოწყობა-რეაბილიტაციასთან დაკავშირებული პროდუქტი თუ მომსახურება.

გადაუდებელი აუცილებლობის მიზეზად სახელდება პანდემიის პირობებში ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვის პრიორიტეტულობა. აღნიშნული საკითხი და შესყიდვების მასიურობა მიგვანიშნებს იმაზე, რომ პანდემიის დადგომამდე ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვა სკოლებში საკმარისად არ იყო დაცული და პრიორიტეტულად არ იყო მიჩნეული. კრიზისმა აჩვენა, რომ სკოლებისა და ბაღების დიდი რიცხვი არ იყო მომზადებული გამოწვევისთვის და წინა სასწავლო წელს ბავშვთა გარკვეულ რაოდენობას უწევდა ისეთ სკოლასა თუ ბაღში სწავლა, სადაც სველი წერტილები არ აკმაყოფილებდა მინიმალურ სტანდარტებს.

ამასთან, მნიშვნელოვანია რამდენად კეთილსინდისიერად მოხდა აღნიშნული თანხების გამარტივებული ხელშეკრულებებით გადანაწილება.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის შესყიდვები

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიერ ბაღებისა და სკოლების სველი წერტილების გარემონტების შესყიდვებიდან 3 ხელშეკრულება გაუფორმდა ოდერი არქანიას, რომელმაც ჯამში 67,000 ლარამდე მიიღო. ოდერი არქანია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსის, ლაშა არქანიას მამაა. ის 2013 წლიდან იღებდა გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებებს სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად.

შპს მშენჯგუფი 777-ს გაუფორმდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2 ხელშეკრულება, 41,000 ლარამდე ჯამური ღირებულებით. კომპანია 2020 წლის 10 სექტემბერს დაფუძნდა, აღნიშნული ხელშეკრულებები კი სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში პირველ ოქტომბერს არის ატვირთული. ამავე კომპანიამ 2020 წლის ნოემბერში გაიმარჯვა 16,000 ლარზე მეტი ღირებულების უკონკურენტო ტენდერში, ისე რომ შემსყიდველის მიერ დაწესებული სავარაუდო ღირებულება არ შეცვლილა. კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელი დიმიტრი შელიაა. ის ინდივიდუალურ მეწარმედაცაა დარეგისტრირებული და 2014-2015 წლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტისგან

გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებებსაც იღებდა, სატრანსპორტო საშუალებების შეკეთების მომსახურებაზე. შელია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, თემურ ღვინჯილიას ბიზნესპარტნიორია შპს “შე-ლიში”, რაც ასევე მითითებულია ღვინჯილიას დეკლარაციაში. აღნიშნულ კომპანიას 2012 წელს ერთი გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება აქვს მიღებული, მას შემდეგ ელექტრონულ სისტემაში არ ფიქსირდება.

23,000 ლარამდე ღირებულების ორი ხელშეკრულება გაუფორმდა გიგა ფიფიას, რომელიც ამავდროულად ფიქსირდება ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიის ფონდის ფინანსური ანგარიშ ბრუნვის 13.10-31.10.2020 პერიოდის დეკლარაციაში. მას ანაზღაურების სახით 510 ლარი გადაეცა, თუმცა რა მომსახურებას უწევდა ქართულ ოცნებას, უცნობია.

სრული კვლევა იხილეთ ბმულზე - Covid-19-ის პერიოდში განხორციელებული საეჭვო შესყიდვები

თაია არდოტელი