ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, უკვე შერჩეულია ის დაწესებულებები, სადაც პირველი ჯგუფების ვაქცინაცია მოხდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან ინტენსიური მუშაობა მიდის მოსამზადებლად, რომ Pfizer-ის პირველი დოზების მიღება მოხდეს და გამოყენება მაშინვე დაიწყოს.
მანვე აღნიშნა, რომ სხდომაზე მიმდინარე პროცესები განიხილეს, რაც აუცილებლად შესასრულებელია ქვეყანაში ვაქცინის ჩამოსატანად, ცივი ჯაჭვის მოთხოვნების დაცვით.
„ამაზე იყო დღეს საუბარი და ასევე იმ მიმდინარე პროცესებზე, რაც არის აუცილებლად შესასრულებელი უკვე ქვეყანაში ვაქცინის ჩამოსატანად ცივი ჯაჭვის მოთხოვნების დაცვით და ასევე, საკომუნიკაციო კამპანიაზე, ვაქცინა არის მაღალი ხარისხის, ვაქცინა იქნება უსაფრთხო, ეფექტური და მნიშვნელოვანია ის, რომ ვაქცინაციის პროცესი იყოს შეუფერხებელი და მომართვიანობა შესაბამისი, როგორც პირველ, ასევე მეორე დოზაზე, რადგან სრული ციკლის ჩატარება არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგის მისაღებად", - განაცხადა გაბუნიამ.