„ამაზონის“ დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ტოვებს.
მედიის ინფორმაციით, ბეზოსი კომპანიის აღმასრულებელი თავმჯდომარის პოსტზე გადაინაცვლებს, „ამაზონის“ ახალი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი კი ენდი ჯესი გახდება, რომელიც ამჟამად კომპანიის „ვებ სერვისების“ აღმასრულებელი დირექტორია.
„ამაზონის“ ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილებები 2021 წლის პირველ ნახევარში განხორციელდება.
ბეზოსმა კომპანიის თანამშრომლებს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ აღმასრულებელ დირექტორის პოსტზე მუშაობა ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა და ყურადღების სხვა რამისთვის დათმობა რთულია.
”ამაზონის“ აღმასრულებელ დირექტორად ყოფნა დიდი პასუხისმგებლობაა და შრომატევადია. როცა ასეთი პასუხისმგებლობა გაკისრია, ძნელია სხვა რამისთვის ყურადღების დათმობა. როგორც აღმასრულებელი თავმჯდომარე, ამაზონის მნიშვნელოვან ინიციატივებში ჩართული ვიქნები, მაგრამ ასევე მექნება დრო და ენერგია Day 1 Fund- ს, Bezos Earth Fund- ს, Blue Origin- ს, Washington Post- ს და სხვა გატაცებებისთვისაც,“- წერს ბეზოსი.
აღსანიშნავია, რომ „ამაზონის“ გაყიდვებმა გასული წლის ბოლო სამი თვის განმავლობაში რეკორდულ მაჩვენებელს, 100 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
ჯეფ ბეზოსმა კომპანია ამაზონი 1994 წელს დააფუძნა. ამჟამად კომპანიაში 1.1 მილიონზე მეტი ადამიანია დასაქმებული.