თბილისის მერი კახა კალაძე ვარკეთილის მეოთხე მიკრო რაიონში სკვერის გაშენებას ეხმაურება. როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ახალი სკვერი 7300 კვ.მ-ზე გაშენდა. მოეწყო საბავშვო მოედნები, დასასვენებელი პავილიონები და ფიტნესზონა.
დედაქალაქის მერის განცხადებით, მსგავსი პროექტები 2021 წელს კვლავ პრიორიტეტული იქნება.
“ვარკეთილში, მეოთხე მიკრო რაიონში 7300 კვ.მ-ზე ახალი სკვერის გაშენება მოხდა. მინდა სამგორის რაიონის გამგეობას, გამგებელ კახა სამხარაძეს და თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო, ძალიან მაგარი პროექტი იქნა განხორციელებული. ქალაქს კიდევ ერთი კარგი დასასვენებელი სივრცე შეემატა. ტერიტორიაზე განთავსდა საბავშვო მოედნები, დასასვენებელი პავილიონები და ფიტნესზონა, სადაც ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა ჩავიდნენ, ივარჯიშონ და იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით, რაც ამ პანდემიის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია. წარმოებული იქნა გამწვანების სამუშაოები და განათების სისტემა მოეწყო. ჩვენი პრიორიტეტია რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცის შექმნა ქალაქში, რომ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა თავიანთ შვილებთან ერთად დაისვენონ და ეს პრიორიტეტი 2021 წელსაც იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.