ვფიქრობთ, რომ თებერვლის ბოლომდე გვექნება საშუალება გავხსნათ ვაქცინაციის ცენტრები და დაიწყოს 15 000-მდე სამედიცინო პერსონალის ვაქცინირება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, პირველი ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში ჩამოვა, Pfizer-ის იქნება და ვაქცინაცია მხოლოდ ჰოსპიტლებში ჩატარდება.
,,ვაქცინას ველოდებით უკვე მალე. ვფიქრობთ, რომ თებერვლის ბოლომდე გვექნება საშუალება გავხსნათ ვაქცინაციის ცენტრები და დაიწყოს 15 000-მდე სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციის პროცესი. როგორც მოგეხსენებათ, პირველი ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში ჩამოვა, Pfizer-ის ვაქცინა იქნება. დღეს უკვე მობილიზებულია 10 ვაქცინაციის ცენტრი და ვაქცინაცია Pfizer-ით ჩატარდება მხოლოდ ჰოსპიტლებში, რომლებსაც ექნებათ გარკვეული მოთხოვნები. რეგულირების სააგენტო განახორციელებს აქტიურ ვიზიტებს მოსამზადებლად და იმისათვის, რომ როგორც კი ვაქცინა ქვეყანაში ჩამოვა, მეორე დილიდანვე დაიწყოს ვაქცინაციის პროცესი“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.