ნათია თურნავას განცხადებით, ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში დაიწყება

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში დაიწყება. როგორც მინისტრმა საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალ ვაჭრობას ძალიან დიდი პოზიტიური ეფექტი ექნება ორივე ქვეყნისთვის.

მისივე ინფორმაციით, ინდოეთი ერთ-ერთი ის მიმართულებაა, საიდანაც მაღალმხარჯველუნარიან ტურისტებს უნდა ველოდოთ.

„ინდოეთთან ჯერჯერობით არ გაგვიფორმებია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, მაგრამ ძალიან დამაიმედებელი პროგნოზია. გუშინაც შედგა შეხვედრა ელჩსა და პრემიერ-მინისტრს შორის და იქ გაჟღერდა ეს. პირველ რიგში, ორივე მხარემ მიზანშეწონილობის კვლევა მოვამზადეთ, რომელმაც გამოავლინა ძალიან პოზიტიური სურათი, რომ საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალ ვაჭრობას ძალიან დიდი პოზიტიური ეფექტი ექნება ორივე ქვეყნისთვის. უკვე გავცვალეთ ამ შეთანხმების ტექსტი და იმედი გვაქვს, უახლოეს პერიოდში უშუალო მოლაპარაკებაზე გადავალთ. მოლაპარაკების პირველი რაუნდი აქამდეც დაგეგმილი იყო, უბრალოდ პანდემიამ შეგვიშალა ხელი და ახლა ვფიქრობთ, რომ უკვე აქტიურ ეტაპზე გადავალთ. ინდოეთთან კარგი ეკონომიკური ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მარტო ვაჭრობისთვის, არამედ იგივე ტურიზმისთვის, გუშინ შევხვდით ტუროპერატორებს, მათ დაასახელეს ქვეყნები, საიდანაც უკვე ამ ეტაპზე ელოდებიან საკმაოდ მაღალმხარჯველი კატეგორიის ტურისტებს და მათ შორის ერთ-ერთი ინდოეთია“,-აღნიშნა თურნავამ.