Bloomberg - მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 104.6 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა

გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 104.6 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. მათ შორის, აშშ-ში 33.7 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, რაც მოსახლეობის 10.2%-ს შეადგენს. აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება 24 მილიონზე მეტი ვაქცინირებული პაციენტით, რაც მოსახლეობის 1.7%-ს შეადგენს. ევროკავშირში კი, საერთო ჯამში ვაქცინაცია 13.4 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა.

გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 3-3.5 მილიონ ადამიანს უტარდება. ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 5 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც მთლიანი მოსახლეობის 55.8%-ს შეადგენს. ისრაელის გარდა, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს, სადაც შესაბამისად, მოსახლეობის 33% და 15%-ს ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდა.