დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სამთო კურორტების გახსნა ჯერჯერობით არ იგეგმება.
როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, გახსნა დამოკიდებულია ბევრ რამეზე, პირველ რიგში, ეპიდსიტუაციაზე და რისკებზე.
„ჩვენი თანამშრომლები და ეპიდემიოლოგები მონაწილეობენ შეხვედრებში, კარგი თანამშრომლობა არის, მაგრამ ისინი ელოდებიან გეგმას, კარგად გაწერილს, რომ შეფასდეს. ჯერჯერობით ამაზე საუბარი არ არის. ჩვენზე არ არის დამოკიდებული როდის გაიხსნება. რატომღაც ყველას შთაბეჭდილება რჩება, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი ხსნის და კეტავს ყველაფერს - არა ბატონო! დაავადებათა კოტროლის ცენტრი არის ერთი ინსტიტუცია წარმოდგენილი საკოორდინაციო საბჭოში, რომელიც გარკვეულად გამოთქვამს თავის მოსაზრებას, მაგრამ საბჭო გადაწყვეტილებას კონსენსუსურად იღებს. ამიტომ ბევრი მსჯელობაა. ჩვენ ვართ პროცესში; საბაგირო გზების და სამთო კურორტების ასოციაციამ გვთხოვა და ჩვენები მონაწილეობენ მათთან მოლაპარაკებებში, განხილვებში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დასკვნა დაიდო. გახსნა დამოკიდებულია ბევრ რამეზე, ეპიდსიტუაციაზე პირველ რიგში და რისკებზე, რომელი ბიზნესი და სეგმენტი მეტად მომატებული რისკფაქტორია ინფექციის შემდგომი გავრცელების“, - განაცხადა გამყრელიძემ.