სოციალურმა ქსელმა Instagram საკუთარ სერვისში დაამატა „ცოტა ხნის წინ წაშლილი“ პუბლიკაციის აღდგენის ფუნქცია. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.
„დღეიდან წარმოგიდგენთ ფუნქციას „ახლახან წაშლილი“, რომელიც დაგეხმარებათ საკუთარი კონტენტის მართვაში. ვიცით, რომ იყო ამაზე თხოვნები მომხმარებლების მხრიდან და აი ახლა პირველად გაქვთ შესაძლებლობა, კვლავ აღადგინოთ არც თუ ისე დიდი ხნის წინ წაშლილი კონტენტი Instagram-ში“, - წერია განცხადებაში.
მასში აღნიშნულია, რომ stories-ის აღდგენა შესაძლებელია დღე-ღამის განმავლობაში, ხოლო სხვა დანარჩენი ჩანაწერი შეინახება 30 დღე.
სოციალურმა ქსელმა ასევე შემოიღო დამატებითი ზომები, რათა ჰაკერებს არ მიეცეთ შესაძლებლობა, ანგარიშების გატეხვის და პოსტების წაშლის. ამა თუ იმ ჩანაწერის სრულად წაშლისთვის ახლა საჭირო გახდება დამატებითი ვერიფიკაცია.