შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, 1-2 თებერვლის მდგომარეობით, მას შემდეგ, როდესაც გარკვეული შეზღუდვები შემსუბუქდა, 1719 ობიექტი შემოწმდა, რომელთაგან 3 ობიექტი დაჯარიმდა. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განმარტა, სამივე მათგანი სარესტორნო საქმიანობას უკავშირდება.
„მოგახსენებთ ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფის მიერ შესრულებულ აქტივობებს. 1-2 თებერვლის მდგომარეობით, მას შემდეგ, როდესაც გარკვეული შეზღუდვები შემსუბუქდა, შრომის ინსპექცის მიერ სხვადასხვა საზედამხედველო უწყებების ჩართულობით, ჯამში, 2 დღის განმავლობაში, შემოწმდა 1719 ობიექტი, რომელთაგან ზედამხედველობა განხორციელდა 24 მოლში და ფაქტობრივად ყველა მოთხოვნასთან დაკავშირებით ზედმიწევნით გაკონტროლდა პროცესი. 1622 ობიექტზე პრევენციული მიზნებიდან გამომდინარე, გაიცა და განხორციელდა ცნობიერების ამაღლების კამპანია, 70 ობიექტი გადამოწმდა, ხომ არ ასრულებდნენ ისინი არანებადართულ საქმიანობებს და დადგინდა, რომ კანონის დაცვით ხორციელდებოდა სხვადასხვა აქტივობები. სამწუხაროდ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 3 ობიექტი დაგვეჯარიმებინა. სამივე მათგანი უკავშირდებოდა კვების ობიექტს. ეს იყო სარესტორნო მომსახურება. როგორც იცით, გარკვეული მიმართულებით მოთხოვნები შემსუბუქდა აჭარის რეგიონში და ასევე, ერთი შემთხვევა გამოვლინდა სხვა რეგიონში, სადაც არანებადართულად მიმდინარეობდა კვების ობიექტზე გარკვეული მომსახურების მიღება“,-განაცხადა ფერაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ შეიქმნა სპეციალური პორტალი labour.moh.gov.ge, სადაც კომპანიები ახდენენ რეგისტრაციას და შემდგომში უკვე ამავე პორტალზე ახორციელებენ სავალდებულო ტესტირებას, რომელიც ამა თუ იმ კომპანიისა და სექტორის მიმართ არის განსაზღვრული.
„პირველი, რომელიც ამ პროგრამაში ჩაერთო, ეს არის სავაჭრო მოლები და საცალო-საბითუმო ტიპის ისეთი ობიექტები, სადაც დასაქმებულია 30 და მეტი თანამშრომელი. ჯამში, 2 თებერვლის მონაცემებით, დარეგისტრირებულია 44 მოლი, რომელთა მიმართ გაცემულია დადებითი დასკვნა შრომის ინსპექციის მიერ, ვინაიდან ისინი აკმაყოფილებდნენ თანამშრომლების არანაკლებ 20%-ის გატესტვის მაჩვენებელს. ასევე დარეგისტრირებულია 23 საცალო-საბითუმო ტიპის ობიექტი, სადაც დასაქმებულია 30 და მეტი ადამიანი, მათგან 17-ს დადებითი დასკვნა მიენიჭა. ამ ეტაპზე 6 ობიექტი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. ასევე, როგორც მოგეხსენებათ, ამ პროცესში საგანმანათლებო სექტორი აქტიურად ჩაერთო. სადაც დაგეგმილი იყო სასწავლო პროცესის განახლება, ისინი ამავე პროცესში ჩართული არიან. სკოლების მიმართ დამატებით მოთხოვნები არის განსაზღვრული - სკოლის ტერიტორიაზე დასაქმებული ადამიანების სავალდებულო ტესტირება. ეს არის სიახლე, სხვა ყველა რეკომენდაცია, რომელიც სკოლებიც მიმართ იყო, უცვლელი რჩება. დღეის მდგომარეობით რაიმე სახის კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლენილი არ არის“,-განაცხადა ფერაძემ.