მარტის განმავლობაში „ასტრაზენეკა“ შემოვა უფრო სოლიდური დოზებით, 180 ათასიდან 300 ათასამდე იქნება, აქაც პირველი სამედიცინო პერსონალი აიცრება,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, პირველ რიგში, კორონავირუსზე „ფაიზერის“ ვაქცინით კოვიდკლინიკების თანამშრომლები აიცრებიან. მისივე თქმით, აცრის შემდეგ მოქალაქეები 15-30 წუთი მოსაცდელში უნდა განთავსდნენ, რათა დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდნენ.
„თებერვლის მეორე ნახევარში „კოვაქსიდან“ შემოდის 29 250 დოზა, უნდა ვიანგარიშოთ, რომ აიცრება სადღაც, მედიცინის 14 ათასამდე მუშაკი. უკვე მიმდინარეობს სამედიცინო დაწესებულებიდან სპეციალურ პორტალზე სამედიცინო მუშაკების შესახებ ინფორმაციის ატვირთვა. თვითონ დაწესებულებები აფასებენ მათ რისკ-ფაქტორს, მაღალ, საშუალო და დაბალი რისკის ადამიანებს. ხშირად ეშლებათ, ეს არ ეხება მხოლოდ ექიმებს. ყველა იტვირთება - ექიმი, ექთანი, უმცროსი სამედიცინო პერსონალი, დამხმარე სამედიცინო პერსონალი. ასეთი არის 75 ათასი ადამიანი ქვეყანაში. აქედან, ჩვენი სამიზნე არის, რომ წელს ავცრათ 49 ათასი. ჩემი კოლეგებიდან, 7%-მდე ინფიცირებულია, ვისაც გადატანილი აქვს კორონავირუსი. დღეს მოეწერება ბრძანებას ხელი, სადაც აღნიშნული იქნება, რომ კორონავირუსის გადატანიდან 3 თვე ეს ხალხი არ აიცრება. რეკომენდაციას ვაძლევთ ინფექციის გადატანიდან 3 თვის შემდეგ აცრას.
მეორე ეტაპზე, მარტის განმავლობაში შემოვა „ასტრაზენეკა“ უფრო სოლიდური დოზებით, 180 ათასიდან 300 ათასამდე იქნება, აქაც პირველი სამედიცინო პერსონალი აიცრება“, - აცხადებს გამყრელიძე.
როგორ გამყრელიძე განმარტავს, შემოტანილია სპეციალური შპრიცები, რომლის საშუალებითაც მოხდება ინექცია.
„ფაიზერის“ ვაქცინით აცრა იქნება მხოლოდ კლინიკებში, ასეთი საქართველოს მასშტაბით შერჩეულია 10 ჰოსპიტალი და კიდევ 5 სარეზერვო ჰოსპიტალი. აქედან თბილისში არის 5-6, 2-2 არის ქუთაისსა და ბათუმში. „ფაიზერს“ სჭირდება შესანახად -70-80 გრადუსი, ეს საშუალებები გვაქვს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. შემოსვლის შემდეგ ამ სამ ქალაქში დასაწყობდება გარკვეული პროპორციით. „ფაიზერის“ ვაქცინას როდესაც გაალღობთ, 5 დღე შეგიძლიათ შეინახოთ ჩვეულებრივი მაცივრის 2-დან 8 გრადუსამდე ტემპერატურაზე. იმდენი უნდა გამოიღოთ და გაალღოთ, რამდენ ადამიანსაც იმ დღეს აცრით“, - აცხადებს გამყრელიძე.