ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან ინტერვენციები გაგრძელდება.
როგორც კობა გვენეტაძემ საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, სებ-ს საკმარისი რესურსები აქვს, რომ ბაზრის გამართულ ფუნქციონირებას შეუწყოს ხელი.
„2020 წელს ეროვნული ბანკი ბაზარს განუწყვეტლივ აწვდიდა სავალუტო რესურსებს. 916 მილიონი დოლარი გავიტანეთ ბაზარზე. 2021 წლის იანვარში 80 მილიონი დოლარი მივაწოდეთ ბაზარს. რა თქმა უნდა, ბაზარზე ჩვენი შემდგომი აქტივობა იქნება, ჩვენ ვრჩებით სავალუტო ბაზარზე და ჩვენი აქტივობა დამოკიდებული იქნება საგარეო სექტორის დინამიკაზე, მოლოდინებზე, ტენდენციებზე, ეკონომიკის აღდგენის სიჩქარეზე. ამასთან, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეროვნულ ბანკს არ აქვს კონკრეტული ნიშნული გაცვლით კურსთან დაკავშირებით, როდესაც ბაზარზე მონაწილეობას იღებს. რაც შეეხება რესურსების არსებობას, საკმარისი რესურსები გვაქვს, რომ ბაზარს გამართულად ფუნქციონირების გაგრძელებაში შევუწყოთ ხელი“,-განაცხადა კობა გვენეტაძემ.