Google-ის მფლობელი ამერიკული კორპორაცია Alphabet-ის შემოსავლები 2020 წლის მეოთხე კვარტალში, 2019 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 23%-ით გაიზარდა. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ ფინანსურ ანგარიშშია ნათქვამი.
სამთვიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც 31 დეკემბერს დასრულდა, Alphabet-მა 56,8 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო წმინდა მოგებამ 15,6 მილიარდი შეადგინა. შედეგებმა ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა. წინა წელს კომპანიას ანალოგიურ მონაკვეთში, 46 მილიარდის შემოსავალი და 9,2 მილიარდის წმინდა მოგება ჰქონდა.
2020 წლის ჯამური მაჩვენებლისთვის Alphabet-ის შემოსავლებმა 182,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, მოგებამ 41,2 მილიარდი. 2019 წელს 161,8 მილიარდი იყო შემოსავალი, ხოლო მოგება 34,2 მილიარდი.
ამასთან, Alphabet-მა პირველად გაავრცელა Google-ის ღრუბლოვანი სერვისის ფინანსური მაჩვენებლები, საიდანაც ვიგებთ, რომ მისმა შემოსავლებმა 13 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო ზარალმა 5,6 მილიარდი დოლარი.