„როდემდე უნდა ვიყოთ ჩაკეტილები, როდემდე არ უნდა იყოს გეგმა, თუ რა იქნება ხვალ და ზეგ?! ასეთი მიდგომით, ვერც აპრილში და ვერც ივნისში ვერ მივიღებთ სტუმრებს“

„როდემდე უნდა ვიყოთ ჩაკეტილები, როდემდე არ უნდა იყოს გეგმა, თუ რა იქნება ხვალ და ზეგ?! ასეთი მიდგომით, ჩვენ ვერც აპრილში და ვერც ივნისში ვერ მივიღებთ სტუმრებს“,- ამის შესახებ „ტრეფიკ თრეველის“ მმართველმა პარტნიორმა ცოტნე ჯაფარიძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობასთან მოლაპარაკების ყველა რესურსი ამოწურულია, ამიტომ ერთადერთი გამოსვალი, ბიზნესის მხრიდან დაუმორჩილებლობაა, რომლის ფორმატზე მუშაობა ისევ მიმდინარეობს.

“ჩვენ ვმუშაობთ დაუმორჩილებლობის იმ მისაღებ ფორმატზე, რომელიც იქნება მასშტაბური და ეფექტური. ბევრი ბიზნესის ჩართვა გვინდა ამ დაუმორჩლებლობის აქტში. იმიტომ, რომ ის დამოკიდებულება და რეალობა, რაც გვაქვს დღეს, არ გვაძლევს არანაირ საშუალებას თუ იმედს იმისთვის, რომ ავმუშავდეთ. ჩვენი მოლაპარაკების ყველანაირი რესურსი ამოწურულია. არაერთი მოლაპარაკების მაგიდასთან ვისხედით მთავრობასთან და ვერანაირ შედეგს ვერ მივაღწიეთ. ამიტომ, ერთადერთ გამოსავალს ვხედავთ იმაში, რომ გადავიდეთ უფრო აქტიურ მოქმდებებზე, რაც მოიცავს დაუმორჩილებლობას. ამაზე ჩვენ ვმუშაობთ, რომ შაბათისთვის ეს დაუმორჩილებლობის აქტი უფრო გაფართოვდეს, მოიცვას მეტი სექტორი და ხმამაღლა გაისმას ჩვენი ხმა და გულისტკივილი მთავრობის მისამართით. ამის შემდეგ მაინც, იმედია, რაღაცას შეცვლიან“, - აღნიშნა ცოტნე ჯაფარიძემ.

ამირან გამყრელიძის განცხადებაზე, რომ ბიზნესის ერთბაშად გახსნა ეპიდ-აფეთქებას გამოიწვევს, „ტრეფიკ თრეველის“ მმართველი პარტნიორი ამბობს, რომ თავის დროზე ეს აჭარის უკონტროლო ვითარებამ გამოიწვია და არა ტურისტული სექტორის, ან რესტორნების გახსნამ.

„ამირან გამყრელიძემ ჯობია იმაზე იფიქროს, თუ რატომ მივიდა ქვეყანა იმ კატარსტროფულ ჩიხამდე, რამაც გამოიწვია ეპიდემიოლოგიური აფეთქება სექტებერ-ნოემბერში. ზაფხულში ბათუმში და აჭარაში რაც ხდებოდა, როცა უამრავი დამსვენებლი იყო ჩამოსული რუსეთიდან (ოღონდ, საიდან და როგორ, ჩვენ არ ვიცით) და მიშვებული იყო ყველაფერი, არანირი კონტროლი არ ხდებოდა მოსახლეობაზე და დამსვენებლებზე, რა თქმა უნდა, მოხდებოდა ეს აფეთქება. ეს არის მიზეზი და არა რესტორანი, სადაც 6 ადამიანზე მეტის განთავსება არ შეიძლება, სადაც დეზობარიერებია მოწყობილი, ტემპერატურას მუდმივად გიზომავენ, სადაც ყოველთვის სტუმრის მოსვლის და წასვლის შემდეგ ხდება ჭურჭლის სრული დეზინფექცია. დღესაც მიმაჩნია, რომ ეს არ არის კერა და ვირუსთან ბრძოლის მეთოდოლოგია, ეს არის ისევ ჩაკეტვის, აკრძალვის კომუნისტური მეთოდი.

დიალოგზე საუბარი და კამერების წინ აპელირება, რომ თითქოს, სახელმწიფო ჩვენთან ლაპარაკობს და ამას რაიმე შედეგი შეიძლება ჰქონდეს, ეს არის რეალობას მოწყვეტილობის ხაზის გამსმელი. იმიტომ, რომ არაერთი დიალოგის შემდეგ, სარესტორნო ბიზნესთან, ფიტნეს დარბაზებთან, ტურიზმის სექტორთან, თუ სატრანსპორტო კომპანიებთან, არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. ის ყველა დანაპირები, რომ ვითომ, რაღაცაზე მუშაობენ, ამოიწურა, როდემდე უნდა ვიყოთ ჩაკეტილები, როდემდე არ უნდა იყოს გეგმა, თუ რა იქნება ხვალ და ზეგ, საით უნდა მივდიოდეთ?! ეს ყველაფერი მიგვანიშნებს, რომ ასეთი მიდგომით, ჩვენ ვერც აპრილში, ვერც მაისში და ვერც ივნისში ვერ მივიღებთ სტუმრებს“,- განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ.

ნინი ქეთელაური