ჯანდაცვის მინისტრი - სარეგისტრაციო ბაზა მზად არის, სადაც ყველა ის პირი აღირიცხება, ვინც ვაქცინაციას გაივლის

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სარეგისტრაციო ბაზა მზად არის, სადაც აღირიცხება ყველა ის პირი, ვინც ვაქცინაციას გაივლის.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თითოეული ადამიანის პირადი ინფორმაცია დაცული იქნება, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, თუ მაგალითად, ადამიანს სამსახურში წარსადგენად ან სამოგზაუროდ დასჭირდება ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ის საბუთის ამობეჭდვას შეძლებს.

„კლინიკებში გაგზავნილია უკვე კითხვარი და ასევე მოთხოვნა იმის შესახებ, რომ მათ უნდა მოგვაწოდონ ყველა იმ პირზე ინფორმაცია, ვინც სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულია. დღეს ეწურებათ კლინიკებს ამ ინფორმაციის მიწოდების ვადა. თვითონ სარეგისტრაციო ბაზა ძალიან დიდი ხანია მზად არის. უბრალოდ, ჩვენ არსებული ვაქცინაციის პორტალს ვამატებთ კიდევ დამატებით მოთხოვნებს, რომელიც არის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბაზაზე და ამ ბაზაზე უკვე აღირიცხება ყველა ის პირი, ვინც ვაქცინაციას გაივლის. ვინაიდან ეს არის პირადი ინფორმაცია, რა თქმა უნდა, დაცულია და საჯარო ინფორმაცია ვერანაირად ვერ იქნება, თუმცა, თითოეულ ადამიანს ექნება წვდომა, რომ მიიღოს საკუთარ თავზე ინფორმაცია. შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, თუ მას სამსახურში წარსადგენად ან სამოგზაუროდ დასჭირდება დოკუმენტი, რომ ის არის ვაქცინირებული, შეეძლება თვითონვე ამობეჭდოს ეს დოკუმენტი, რომელიც იქნება დაცული ყველანაირი სტანდარტით. მას ექნება სპეციალური ნუმერაცია, რომელიც ამ დოკუმენტის სანდოობას უზრუნველყოფს“,-განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, ტიკარაძის განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ყველა იმ ვაქცინის მწარმოებელთან, რომელიც მომავალში მიიღებს ლიცეზენციას. „ამ ეტაპისთვის „კოვაქს პლატფორმა“ არ გულისხმობს დამატებითი მოცულობის მოწოდებას, თუმცა სამინისტროს პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს ყველა იმ მწარმოებელთან, რომელსაც დღესდღეობით გააჩნია სანდო ვაქცინა.

„ფაიზერთანაც“ გვაქვს კონკრეტული მოლაპარაკებები, „ასტრაზენეკასთანაც“ და ყველა იმ პერსპექტიულ ვაქცინის მწარმოებელთან, რომელიც უახლოეს მომავალში მიიღებს ლიცენზირებას და დასტურს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან და მკაცრი მარეგულირებლიდან“,- განაცხადა ტიკარაძემ.