ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მთავრობა ეპიდემიასთან დაკავშირებით აკვირდება, სულ მცირე, 7 კომპონენტს, როდესაც შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილებას იღებს. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ბიზნესის მხრიდან ეს გარემოება ადეკვატურად არის აღქმული, რადგან ტიკარაძის თქმით, ხელისუფლებას კარგად ესმის საზოგადოებისა და ბიზნესის ეკონომიკური მდგომარეობა, თუმცა ამის საპირწონედ მოქალაქეების ჯანმრთელობას იღებს მხედველობაში.
„მთავარი და უპირველესი, რა თქმა უნდა, არის ინფიცირებულთა რაოდენობის კლება, ჩვენ ვაკვირდებით მრავალ კომპონენტს, მინიმუმ, 7 კომპონენტი მონაწილეობს ამ დასკვნების მიღებაში, ეს არის როგორც ინფიცირების კოეფიციენტი, ასევე, ინფიცირების გავრცელების კოეფიციენტი, საავადმყოფოების დატვირთულობის კომპონენტი, ასევე ის ასაკობრივი ჯგუფი, რომელიც დღესდღეობით არის ინფიცირებული, რაც განსაზღვრავს, თავის მხრივ, ინფექციის მობილობის მაჩვენებელს თუ რომელ სეგმენტში ვრცელდება ინფექცია. მიმდინარეობს ბიზნესთან ყოველდღიური კომუნიკაცია, მე დარწმუნებული ვარ, რომ ბიზნესის მხრიდანაც ყველაფერი არის სწორად აღქმული, ვინაიდან ჩვენ, რა თქმა უნდა, ვცდილობთ გავიგოთ ის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც დღესდღეობით ბიზნესსა და ჩვენს მოქალაქეებს აქვთ, მაგრამ საპირწონედ გვაქვს თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობა, რაც უდაოდ მნიშვნელოვანია როგორც ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, ასევე მთავრობის წარმომადგენლებისთვის.
მნიშვნელოვანია, რომ დავაკვირდეთ 7-დღიან და 14 დღიან პერიოდში იმ სტაბილიზაციას, რომელიც დღეს გვაქვს, იმისთვის, რომ გადავდგათ მეტად უფრო თამამი ნაბიჯები. რაც შეეხება რესტორნებს, მათთან გაიმართება კიდევ დამატებითი შეხვედრები და მე დარწმუნებული ვარ, მათთვის მისაღები იქნება ის დამატებითი ახსნა-განმარტება, რომელსაც ეკონომიკური გუნდი და ასევე, ჯანდაცვის სამინისტრო წარადგენს მათთან. ეპიდსიტუაცია თუ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ჩვენ მივიღოთ დადებითი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გადავდგათ რაც შეიძლება მეტი საპასუხო ნაბიჯი საზოგადოების მიმართ, რომელიც ვაკვირდებით, რომ უკვე ერთი წელია, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და განსაკუთრებით ბოლო პერიოდის შეზღუდვები მნიშვნელოვან ტვირთად დააწვა როგორც საზოგადოებას, ასევე ბიზნესს,“- განაცხადა ტიკარაძემ.