“გუშინ ვიყავი ერთ-ერთ სასტუმროში, მასპინძელმა გადაიხადა სასტუმროს ნომრის ღირებულება - ჩვენ შევძელით რესტორნით სარგებლობა”

"გუშინ ვიყავი ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც გვქონდა შეხვედრა. ჩემმა მასპინძელმა გადაიხადა სასტუმროს ნომრის ღირებულება ორ ადამიანზე 30 ლარი. ოთახის მომსახურებით, რა თქმა უნდა, არ გვისარგებლია. საუბარია ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროზე და ამის შემდეგ, ჩვენ შევძელით სასტუმროს რესტორნით სარგებლობა, სადაც ძალიან ბევრი ჩემი რესტორნის სტუმარი იქ ვნახე", - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი რადიო „პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ აცხადებს.

მისი თქმით, 6 თებერვლიდან თვითნებური გახსნის გადაწყვეტილებამდე სექტორი, აბსურდულმა რეალობამ მიიყვანა. შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ მათი სურვილი არასოდეს ყოფილა ულტიმატუმის ენით საუბარი, უბრალოდ, სხვა გზა აღარ დარჩათ.

,,ჩვენ არასოდეს გვისაუბრია ულტიმატუმის ენით და სულ დიალოგი გვინდოდა. ეს გადაწყვეტილება მიღებულია აუცილებლობიდან გამომდინარე, სხვა შემთხვევაში, არა თუ დარგი, მასში დასაქმებული ადამიანებიც კი ვეღარ იარსებებენ. ამ გადაწყვეტილებაში რესტორატორები ხედავენ გადარჩენას.

ბატონმა ფერაძემ (შრომის ინსპერქტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი) განაცხადა, რომ მას აქვს კონტაქტი რესტორნებთან და მათგან იცის, რომ არ იხსნებიან. ეს რას ნიშნავს. ზეწოლას ახორციელებს იურიდიულ პირებზე? მეორე საკითხია ქალბატონი თურნავას განცხადება, რომ მიიღებენ ზომებს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, რეალობის აბსურდულობა გამოხატულია იმაში, რომ სასტუმროს რესტორნებით მოქალაქეები უპრობლემოდ სარგებლობენ, ხოლო ჩვეულებრივ კვების ობიექტებს ხელისფულება ეპიდგავრცელების წყაროდ მიიჩნევს.

,,ამ მდგომარეობამდე სხვა პრობლემამ მიგვიყვანა. აბსურდულ რეალობასთან გვაქვს საქმე. ჩემ პირად გამოცდილებაზე გეტყვით - გუშინ ვიყავი ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც გვქონდა შეხვედრა. ჩემმა მასპინძელმა გადაიხადა სასტუმროს ნომრის ღირებულება, ორ ადამიანზე 30 ლარი. ოთახის მომსახურებით, რა თქმა უნდა, არ გვისარგებლია. საუბარია ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროზე და ამის შემდეგ, ჩვენ შევძელით სასტუმროს რესტორნით სარგებლობა, სადაც ძალიან ბევრი ჩემი რესტორნის სტუმარი იქ ვნახე.

რა განხვავებაა, თუ იქ შეიძლება სტუმრობა, რატომ არ შეიძლება 30 მეტრით დაშორებულ რესტორნებში? ამ შემთხვევაში მე, მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, სასტუმროებმა იპოვეს ლეგალური გზა, რომ გადარჩნენ. ამიხსნან, რატომ არის ჩემი რესტორანი განსხვავებული და ხმას არ ამოვიღებ საერთოდ. აღარ მივალ არც ერთ ეთერში და ბოდიშს მოვიხდი. ბუნებრივია, სასტუმროები არ არღვევენ კანონს და ეს განცხადება არაა მათ წინააღმდეგ. უბრალოდ სიტუაციის აბსურდულობას აღვწერ. მათ ეგონათ, რომ სასტუმროებს სტუმრები არ ეყოლებოდათ და არ აწყენინეს, ფორმალურად აღარ დახურეს სასტუმროები, მათ კი გამონახეს გზა როგორ იმუშაონ. ფაქტობრივად, არც კი იხდით სასტუმროს ნომრის ღირებულებას. მე შემიძლია გითხრათ ასევე, რომ ფიტნეს დარბაზსაც ამ მეთოდით ამუშავებენ სასტუმროებში.

ამას როცა ვეკითხებით ამირან გამყრელიძეს, პასუხი უბრალოდ არ არსებობს. ამ აბსურდული რეალობის გამოა, რომ 200-მდე რესტორანი უერთდება ჩვენს გადაწყვეტილებას“ - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ ,,საქმეში“.

შეგახსენებთ, 6 თებერვალს რესტორნების ნაწილმა თვითნებურად გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.

თამარ მუკბანიანი