„სახელმწიფო მემუქრება, რომ თუ ვერ გადავიხდი ჯარიმას, ყადაღა დაედება და წაიღებენ  მთელ ჩემს ქონებას -  ხელისუფალი მაიძულებს იმას, რაც არ მინდა, გავაკეთო“

ბიზნესის საყოველთაო დაუმორჩილებლობას 15-მდე გასართობი ცენტრი შეუერთდება. როგორც „ლაიქის“ დირექტორმა, გასართობი ცენტრების ასოციაციის დამფუძნებელმა „ ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ობიექტები 6 თებერვალს ჩვეულ რეჟიში გაიხსნება, რადგან მათ სახელმწიფომ სხვა გზა არ დაუტოვა.

გიორგი მთიულიშვილის თქმით, მის კომპანიას სახელმწიფო ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ქონებაზე ყადაღის დადებით ემუქრება, შესაბამისად, იძულებულია, ბიზნესსაქმიანობა თვითნებურად განაახლოს.

„როგორც სხვადასხვა ბიზნეს სუბიექტი, რომელიც გეგმავს შაბათს ოფიციალური დაუმორჩილებლობის სახით გახსნას, ანალოგიურად მოვიქცევი მეც. გავხსნი ობიექტებს, რათა დაუმორჩილებლობა გამოვუცხადო ხელისუფალს, რომელმაც გამიზნულად მიმიყვანა ამ ქმედებამდე, ჩემი ნებით არ მივსულვარ. მე ჩემი ნებით მივედი და ვუთხარი, შეიძლება გავიხსნა? დავალაგო რეგულაციების დაცვით, ისე, როგორც არის სხვადასხვა ქვეყნებში. ეს გეგმა, თუ როგორ შეიძლებოდა გასართობ ცენტრებში 10 ბავშვი, 10 სტუმარი 700-800 კვადრატულში მიმეღო, სადაც თითო ადამიანს უწევდა 20 მეტრიანი დისტანციით დგომა, შევუტანეთ ხელისუფლებას, მაგრამ მათ გვითხრეს, არა, დაიღუპეთ, განადგურდით...

ახლა მე სახელმწიფო მემუქრება, რომ თუ ვერ გადავიხდი ჯარიმას, ყადაღა დაედება და წაიღებენ მთელ ჩემს ქონებას, შესაბამისად, ხელისუფალი მაიძულებს იმას, რაც არ მინდა, გავაკეთო. ის თავად მიბიძგებს, რომ ასე მოვიქცე.

პროტესტს უერთდება მინიმუმ 15 გასართობი ცენტრი. სახელების დაკონკრეტებას მოვერიდები, რადგან დღეს თურნავა გამოვიდა და უკვე დაიწყო მუქარა. ამის არავის ეშინია, მაგრამ ამ ეტაპზე ობიექტების გასაჯაროვებას მოვერიდები“, - განაცხადა გიორგი მთიულიშვილმა.

ნინი ქეთელაური