ბიუჯეტში გადასახადები აღარ შედის - მგონია, მოვიდა დრო, უფრო სწრაფად გაიხსნას ეკონომიკა - მაია ბითაძე

,,მგონია, რომ მოვიდა დრო, უფრო სწრაფად გაიხსნას ეკონომიკა“,- ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გუშინ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაია ბითაძემ რესტორნების თვითნებური გახსნის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ არავის სურს ხელისუფლებაზე მეტად ეკონომიკის გახსნა, რადგან ბიუჯეტში ფაქტობრივად აღარ შედის გადასახადები.

,, მე ღრმად მწამს, რომ კვლავ იქნება გადადგმული ნაბიჯები უწყებათაშორისი საბჭოს მხრიდან, რათა დაჩქარდეს ეკონომიკის გახსნის პროცესი. მერწმუნეთ, არავის ხელისუფლებაზე მეტად არ სურს ეს. ეკონომიკური მდგომარეობა და შეზღუდვები ყველაზე დიდ დარტყმას სწორედ ჩვენთვის წარმოადგენს, მათ შორის, ტრანსპორტის გახსნასთან დაკავშირებით.

მიუხედავად ამისა, არის მეორე მხარეც, ღონისძიებები, რომლებიც ჩვენმა ხელისუფლებამ გაატარა, რომ არ გაგვეტარებინა ახლა ბევრად მძიმე სიტუაცია გვექნებოდა. თითოეული ჩვენგანის გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც ამ ვირუსს შეეწირნენ, მაგრამ მგონია, რომ მოვიდა დრო, უფრო სწრაფად გაიხსნას ეკონომიკა. პრემიერის და ეკონომიკის მინისტრის სურვილი რომ არ არის, ქვეყანა ჩაკეტილი იყოს, ხომ ფაქტია? უმძიმესი სიტუაციაა, ბიუჯეტში გადასახადები აღარ შედის. თბილისის მაგალითზე რომ გითხრათ, ტრანსპორტი, რომელიც 75%-ით სუბსიდირდებოდა, ერთი თეთრი არ შესულა ბიუჯეტში.

უმძიმესი ეკონომიკური დარტყმა მიიღო სახელმწიფომ, მაგრამ ვიტყვი იმასაც, რომ წელში გამართული რომ არ შეხვედროდა ჩვენი სახელმწიფო ამას, ვერ გადავიტანდით. მაქვს მოსახლეობის კეთილგონიერების იმედი, რის შედეგადაც ინფიცირებულთა რიცხვი იკლებს და ეკონომიკის გახსნაც უფრო დაჩქარდება“- განაცხადა მაია ბითაძემ ,,360 გრადუსში“.

ცნობისთვის, რესტორნების ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება 6 თებერვლიდან თვითნებურად გაიხსნან.

თამარ მუკბანიანი