სამედიცინო ცენტრმა „მედიქლაბჯორჯია“-მ 2020 წლის დეკემბერში წარმატებით გაიარა Joint Commission International (JCI) რეაკრედიტაციის აუდიტი და უკვე მეორედ მიენიჭა საერთაშორისო აკრედიტაცია სამი წლის ვადით.
„მედიქლაბჯორჯია“ 2017 წლიდან დღემდე ერთადერთი სამედიცინო ცენტრია საქართველოში, რომელიც ფლობს jci აკრედიტაციას და სრულად აკმაყოფილებს ჰოსპიტალური სერვისების ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ყველაზე მაღალი საერთაშორისო სტანდარტების კრიტერიუმებს. „მედიქლაბჯორჯია” ანალოგიური აკრედიტაციის მქონე 620 ჰოსპიტალს შორისაა მსოფლიოს მასშტაბით.
Joint Commission International წარმოადგენს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი, საყოველთაოდ აღიარებული და ყველაზე მსხვილი სააკრედიტაციო ორგანიზაციის The Joint Commission შვილობილ კომპანიასა და საერთაშორისო ფილიალს. JCI აკრედიტაცია განიხილება სამედიცინო მომსახურების ხარისხის დემონსტრირების საუკეთესო საშუალებად და ოქროს სტანდარტად გლობალურ ჯანდაცვაში.
2020 წლის დეკემბერში JCI-ს აუდიტორთა ჯგუფის მიერ განხორციელდა სამედიცინო ცენტრის „მედიქლაბჯორჯია“-ს საქმიანობის სრული სპექტრის აუდიტი ჰოსპიტალური სერვისებისთვის (სტაციონარული, ამბულატორიული და სასწრაფო გადაუდებელი დახმარება) დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაზე. შეფასება მოიცავდა მომსახურების ყველა ასპექტს, როგორიცაა: პაციენტის უსაფრთხოება, ჯანმრთელობის შეფასებისა და მკურნალობის სქემები, მედიკამენტების მენეჯმენტი, ინფექციების პრევენცია და კონტროლი, ქირურგიული და საანესთეზიო მომსახურება, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული დიაგნოსტიკა, საექთნო მოვლა, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა, პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების განათლება და უფლებების დაცვა, სამედიცინო ეთიკა, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა, სამედიცინო ჩანაწერების წარმოება და ინფორმაციის კომუნიკაცია/მენეჯმენტი, სამედიცინო პერსონალის განათლება და კვალიფიკაცია, შენობის ინფრასტრუქტურა და უსაფრთხო ოპერირება, კლინიკური მენეჯმენტის ეფექტიანობა, მმართველობითი გუნდის საქმიანობის ეფექტიანობა, სასწავლო რესურს-ცენტრის საქმიანობა.
„მოხარულები ვართ, რომ უკვე მეორედ მოვიპოვეთ JCI აკრედიტაცია. 2017 წლიდან მედიქლაბჯორჯია ანალოგიური აკრედიტაციის მქონე პირველი და ერთადერთი სამედიცინო ცენტრია საქართველოში, რომელიც ხარისხის ამ სააკრედიტაციო სერტიფიკატს ფლობს. „მედიქლაბჯორჯიას“ სახით, საქართველოს გამოჩენა JCI-ის მიერ აკრედიტებული სამედიცინო დაწესებულებების მსოფლიო რუკაზე მნიშვნელოვანი წარმატებაა არა მარტო ჩვენი ცენტრისთვის, არამედ ზოგადად ქართული ჯანდაცვის სისტემისთვის. პაციენტზე ორიენტირებული სამედიცინო მომსახურება და ხარისხის მუდმივი გაუმჯობესებისათვის ზრუნვა, - სწორედ ამგვარი მიდგომა გვეხმარება რათა შევინარჩუნოთ სამედიცინო მომსახურების ხარისხის უმაღლესი სტანდარტი, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.“ - აცხადებს „მედიქლაბჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ნუგზარ აბრამიშვილი.
„კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ „მედიქლაბჯორჯია“ პრაქტიკულად უნივერსალური სამედიცინო ცენტრია თავისი პროფესიონალთა გუნდით, რომელიც მხოლოდ მაღალ საერთაშორისო სტანდარტებზე მუშაობს. JCI აკრედიტაცია საშუალებას იძლევა, ნებისმიერ ახალ გამოწვევას ვუპასუხოთ და ეს ჩვენი თითოეული თანამშრომლის, როგორც სამედიცინო, ასევე, არასამედიცინო პერსონალის, დიდი ძალისხმევისა და შრომის შედეგია. წარმატებას ვუსურვებ კოლეგებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ამ ერთიან საქმეში. იმედი მაქვს, რომ „მედიქლაბჯორჯია” შეინარჩუნებს დანერგილ სტანდარტს და ყოველთვის მოწინავე სამედიცინო დაწესებულება იქნება. ჩვენი მიზანია უწყვეტად, ინოვაციური და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება გავუწიოთ პაციენტებს და ამავდროულად, ავამაღლოთ სამედიცინო მომსახურების ხარისხი საქართველოში.“ - აღნიშნავს ცენტრის სამედიცინო დირექტორი გიორგი გოცაძე.
(R)