გარდა იმისა, რომ პანდემიამ დაგვაზარალა, შენ შენივე ქვეყანა გახრჩობს. მახრჩობელა გველის პოზიციაში მოგვევლინა და გვახრჩობს, არათუ გამოსავალს გვთავაზობს, - ამის შესახებ გასართობი ცენტრების ასოციაციის დამფუძნებელმა გიორგი მთიულიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს ეკონომიკის მინისტრს დაჯარიმებით მუქარის ნაცვლად გეგმა უნდა გამოეტანა, უნდა ეღიარებინა, რომ ბიზნესი რთულ ვითარებაში მათი გადაწყვეტილების გამო აღმოჩნდა და რესტორნებისთვის რეგულაციების დაცვით გახსნის საშუალება მიეცა.
მისი თქმით, შაბათს დაგეგმილი ე.წ. დაუმორჩილებლობა „სახელმწიფომ აიძულა“, რადგან ბიზნესმა თავს თავად უნდა უშველოს.
„სახელმწიფო იქცა იმ გველეშაპად, რომელიც პირდაპირი მნიშნველობით, გვახრჩობს. ჩვენი სფერო ერთი წელია გაჩერებულია.
ნათია თურნავას აქედან მივმართავ, რომ ახლა კი არ უნდა გამოვიდეს და დაგაჯარიმებო თქვას, განა უნდა გამოვიდეს და დამაშინოს, რომ დაგაჯარიმებო, დღეს უნდა დაედო, რომ ხვალ გიხსნი ყველაფერს, რეგულაციების დაცვით. მსოფლიოში 232 ქვეყანაა და არ არის ასე ჩაკიტილი, 7-8 ქვეყანაშია მსგავსი შეზღუდვები და ერთ-ერთი არის ზიმბაბვე, ასე რომ არის ჩაკეტილი. ამაზე თუ ვჯერდებით, რომ ერთი წელი სხვა ქვეყნებში ასეთი მძაფრი შეზღუდვები არ იყო, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ შენივე სახელმწიფო, გარდა იმისა, რომ პანდემიამ დაგაზარალა, გახრჩობს. მახრჩობელა გველის პოზიციაში მოგვევლინა და გვახრჩობს, არათუ გამოსავალს გვთავაზობს. დღეს არ უნდა გამოსულიყო თურნავა მუქარით, გეგმით უნდა გამოსულიყო და ეთქვა, რომ ჩვენი ბრალია, რომ ამ მდგომარეობამდე მიგიყვანეთო, აღიარონ ამ ადამიანებმა, რომ მათი ბრალია, რომ ამ მდგომარეობამდე მივედით და რაღაც გამოსავალი გამოეტანა,“- განაცხადა გიორგი მთიულიშვილმა.