2021 წელს გლობალურად სმარტფონების გაყიდვები წინა წელთან შედარებით 11,4%-ით 1,5 მილიარდ ერთეულამდე გაიზრდება, სადაც 5G ქსელის მხარდაჭერის მქონე სმარტფონების წილი 35% იქნება. ამის შესახებ პროგნოზს ამერიკული კვლევითი ცენტრი Gartner-ი აკეთებს.
პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წელს გაიყიდება 538,5 მილიონი სმარტფონი, რომელსაც ექნება 5G მხარდაჭერა.
კომპანია გვახსენებს, რომ კორონავირუსის პანდემიამ 2020 წელს სმარტფონების გაყიდვები 10,5%-ით შეამცირა. მათი თქმით, პანდემია არსად გამქრალა, თუმცა მეხუთე თაობის მხარდამჭერი ტელეფონების ასორტიმენტის გაფართოვება და შესაბამისად მისი გაიაფება ამ ბაზარს გამოაცოცხლებს. მათი განცხადებით, დღეისათვის 5G ქსელის მხარდაჭერის მქონე სმარტფონების ყიდვა შტატებში 200 დოლარადაცაა შესაძლებელი.
კომპანიის მკვლევარების აზრით, მიმდინარე წელს სმარტფონების გაყიდვები ახლოს იქნება 2019 წლის მაჩვენებელთან. მათი პროგნოზით, ყველაზე მეტად ზრდა დაფიქსირდება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, დასავლეთ ევროპაში და ლათინურ ამერიკაში.