Bloomberg - მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 108 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა

გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 108 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. მათ შორის, აშშ-ში 34.9 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, რაც მოსახლეობის 10.65%-ს შეადგენს. აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება 24 მილიონზე მეტი ვაქცინირებული პაციენტით, რაც მოსახლეობის 1.7%-ს შეადგენს. ევროკავშირში კი, საერთო ჯამში ვაქცინაცია 14.1 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა.

გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 3-3.5 მილიონ ადამიანს უტარდება. ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 5.1 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც მთლიანი მოსახლეობის 57%-ს შეადგენს. ისრაელის გარდა, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს, სადაც შესაბამისად, მოსახლეობის 34.3% და 15.7%-ს ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდა.