ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთის კურორტებზე პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები ძალაში რჩება.
ცქიტიშვილის განმარტებით, სტაბილური დინამიკის შემთხვევაში, სხვა შეზღუდვების მოხსნაც იქნება განხილული.
„სამწუხაროდ, ამ ეტაპზე პანდემია მსოფლიოში ჯერ კიდევ არ არის დამარცხებული. შესაბამისად, შეზღუდვები ჯერ კიდევ საჭიროა და ამ ეტაპზე ზამთრის კურორტებთან მიმართებაში, ვერ შემსუბუქდება. რაც შეეხება, კერძო ბინებში დამსვენებლის ჩასვლას, კერძო მესაკუთრეს ვერ ავუკრძალავთ საკუთარ ბინაში ჩასვლას და დასვენებას. სხვა ქვეყნების პრაქტიკას უნდა გადაავლოთ თვალი და ნახავთ, რომ ასევე პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში, ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა, ზამთრის კურორტები არც ამ სეზონზე არ ფუნქციონირებენ და ნახავთ იმასაც, რომ შეზღუდვები კი არ მსუბუქდება ზამთრის კურორტებზე, არამედ პირიქით, ხანგრძლივდება ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ზამთრის კურორტები ნამდვილად წარმოადგენენ მათი ქვეყნის ეკონომიკის დიდ ნაწილსაც.
რაც შეეხება ფიტნესდარბაზებს, დღეს, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შეზღუდვების შემსუბუქების პაკეტი დავაანონსეთ, რომელიც ჩვენ დროზე ადრე შევძელით, ვინაიდან ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ ამის საშუალება მოგვცა. გახსოვთ, ვთქვით, როცა დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ჩამოცდებოდა, შემდეგი ნაბიჯების გადადგმას შევძლებდით. სწორედ, აქედან გამომდინარე იქნა მიღებული დღეს ეს გადაწყვეტილებები. დაველოდოთ კიდევ გარკვეულ პერიოდს, ვნახავთ ერთი კვირის განმავლობაში, დავაკვირდებით დადებითობის მაჩვენებელს, თუ გვექნება სტაბილური დინამიკა, ან გაუმჯობესების დინამიკა, შემდეგში ვიფიქრებთ, თუ რომელი შეზღუდვა შეგვიძლია შევამსუბუქოთ“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.