„თითოეული ჩვენგანის და მათ შორის, ბიზნესების პასუხისმგებლობაა, რომ არ მოხდეს გაუარესება და ყველა არ დავდგეთ იმ სამწუხარო აუცილებლობის წინაშე, რომ ნეგატიურად გადაიხედოს ჩვენი გადაწყვეტილებები“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, მთავრობა მკაცრად მოითხოვს წესების დაცვას.
„როგორც ჩვენ ვპირდებოდით და ვეუბნებოდით მოსახლეობას, საზოგადოებას და ბიზნესის წარმომადგენლებს, ჩვენი გრაფიკი არის ცვალებადი და დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი ეპიდემიოლოგიური ვითარება გვაქვს ქვეყანაში და როგორია ე.წ. დადებითობის მაჩვენებელი. სწორედ ამ გეგმაზომიერი, რაციონალური და კრიტერიუმებზე დაფუძნებული მიდგომის დასტურია ის, რომ ჩვენ შევძელით და თუნდაც ღია და დახურული ბაზრობები დაგეგმილზე ერთ კვირით ადრე იხსნება. რესტორნებიც, მთელი საქართველოს მასშტაბით, ღია სივრცეების ნაწილში, აღადგენენ ფუნქციონირებას, ანუ ის წარმატებული მოდელი, რომელიც ჩვენ დავნერგეთ 1-ლი თებერვლიდან აჭარაში, გადმოტანილია დანარჩენ საქართველოზე. ეს არ არის უპირობო გახსნა, ჩვენი კრიტერიუმი ნათელია, ეს არის ეპიდვითარება და დადებითობის მაჩვენებელი. თითოეული ჩვენგანის და მათ შორის, ბიზნესების პასუხისმგებლობაა, რომ არ მოხდეს გაუარესება და ყველა არ დავდგეთ იმ სამწუხარო აუცილებლობის წინაშე, რომ ნეგატიურად გადაიხედოს ჩვენი გადაწყვეტილებები. ეს ძალიან არ გვინდა, მე პირადად ძალიან მიხარია, რომ ჩვენ შეგვიძლია კონკრეტული თარიღები ვუთხრათ ბიზნესს, მაგრამ ძალიან მკაცრად მოვითხოვთ ყველა წესის დაცვას და პასუხისმგებლობაც ამ თვალსაზრისით მკაცრდება, რაც სავსებით სამართლიანია.
დარწმუნებული ვარ, ყველა პასუხისმგებლიანი ბიზნესი გაგებით მიუდგება იმას, რომ ერთი მხრივ, ჩვენ ვაძლევთ მათ ნაადრევად ფუნქციონირების შესაძლებლობას და მეორე მხრივ, გაორმაგებულად მოვთხოვთ, მათ შორის, ეს შეეხება სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობას, სანქციებს და ა.შ. - განაცხადა თურნავამ.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა (თბილისის მეტრო, ავტობუსები, ე.წ სამარშუტო ტაქსები) - გარდა შაბათ-კვირისა; ასევე, გაიხსნება ღია და დახურული ბაზრობები - გარდა შაბათ-კვირისა; 15 თებერვლიდან კი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ბავშვები სწავლას საკლასო ოთახებში განაგრძობენ.