„ბაღების, პროფესიული კოლეჯების და უმაღლესი სასწავლებლების გახსნა ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული, თარიღები კი ეტაპობრივად გახდება ცნობილი"

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სკოლების შემდეგ, სასწავლო პროცესის აუდიტორიებში განახლება უნივერსიტეტებსა და პროფესიულ კოლეჯებში ეტაპობრივად მოხდება.

როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა, ბაღების, პროფესიული კოლეჯების და უმაღლეს სასწავლებლების გახსნა ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული, გახსნის თარიღები კი ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

“ეპიდსიტუაცია საშუალებას გვაძლევს, 15 თებერვალს, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდეს. მინდა მივულოცო საზოგადოებას ეს ამბავი.

როგორც იცით, ორშაბათს დაიწყო სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში, გარდა თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში. 15 თებერვლიდან, ამ სამ ქალაქშიც და შესაბამისად, მთლიანად ქვეყნის ტერიტორიაზე, საკლასო ოთახებში გაგრძელდება სასწავლო პროცესი.

რაც შეეხება ბაღებს, პროფესიულ კოლეჯებს და უმაღლეს სასწავლებლებს, ეს პროცესი სკოლებში დაბრუნებას ეტაპობრივად მოჰყვება, კონკრეტული თარიღების შესახებ, ცალკე განცხადება გაკეთდება მომავალში.

სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული სამედიცინო პროტოკოლი, მასწავლებლები გაივლიან რეგულარულ ტესტირებას, შესაბამისად, ყველაფერი იქნება გაკეთებული, რომ სკოლებში როგორც იყო, არის და იქნება აბსოლუტურად უსაფრთხო გარემო",-აცხადებს ჩხენკელი.

შეგახსენებთ, თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებში სასწავლო პროცესი 15 თებერვლიდან განახლდება.