საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას კახაბერ ქემოკლიძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე, პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
“ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ვინ არის და რა ქონებას ფლობს მთავრობის ადმინიტრაციის ახალი უფროსი.
როგორც ცნობილია, 2012 - 2018 წლებში კახაბერ ქემოკლიძე იყო შსს-ს, მოგვიანებით კი, სუს-ის სპეციალური წარმომადგენელი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე. ამასთან, 2016-2018 წლებში იყო ცენტრალური ხელისუფლების სპეციალური წარმომადგენელი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების სამმხრივი საკოორდინაციო მექანიზმის შეხვედრებზე.
2018 წლის აპრილიდან კახაბერ ქემოკლიძე შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 2019 წლის აგვისტოში კი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსად დაინიშნა.
რაც შეერხება მის ქონებას, 2020 წლის სექტემბერში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მის საკუთრებაშია 2016 წელს, 50 000 აშშ დოლარად შეძენილი 83 კვ.მ ბინა თბილისში და ავტოფარეხი (5000 აშშ დოლარი).
დეკლარაციის შევსების მომენტში კახაბერ ქემოკლიძე ფლობდა: „თიბისი ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე - 9 025 აშშ დოლარს და 1200 ევროს. ხოლო, „საქართველოს ბანკის“ სახელფასო ანგარიშებზე - 829 ლარს და 338 ლარს.
კახაბერ ქემოკლიძეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე ხელფასის სახით, 2019 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით აღებული აქვს 35 862 ლარი, ხოლო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პარატის უფროსის პოსტზე, 2019 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით - 33483 ლარი.