ნათია თურნავას განცხადებით, სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამაში სავარაუდოდ, 100-მდე სპორტული ობიექტი და 50-მდე საბავშვო ბაღი ჩაერთვება

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა სპორტულ ობიექტებს და საბავშვო ბაღებსაც შეეხება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ნავარაუდევია, რომ პროგრამაში 100-მდე სპორტული ობიექტი და სულ მცირე, 50-მდე საბავშვო ბაღი ჩაერთვება. მან ასევე განმარტა, თუ რა იცვლება პროგრამაში იმისთვის, რომ რესტორნებმა მარტივად შეძლონ სუბსიდიის მიღება.

„მოგეხსენებათ, დავიწყეთ რესტორნების სესხის პროცენტის სუბსიდირება. პირველი შერჩევისას დიდი ინტერესი იყო, 2 000-მდე რესტორანმა მოგვმართა, თუმცა შერჩევისას გამოვლინდა ტექნიკური და იურიდიული ნიუანსები, რაც დაინტერესებულ ობიექტებს პროგრამაში ჩართვაში უშლიდა ხელს. გადავხედეთ და საკმაოდ სერიოზული შემსუბუქებით ვაცხადებთ მეორე შერჩევას. 8 თებერვალს დაიწყება რესტორნების მხრიდან ახალი განაცხადების მიღება და 5 მარტამდე გაგრძელდება. ამ პროგრამას ვამატებთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსაც. ასევე, ვაფართოებთ და თუ აქამდე შეეხებოდა 2020 წლის 1-ელ მარტამდე არსებულ სესხებს, ახლა იქნება 2020 წლის 1-ელ დეკემბრამდე აღებულ სესხებზე. მეორე კატეგორია, რომელზეც პროგრამას ვავრცელებთ, არის სპორტული ობიექტები და მესამეა საბავშვო ბაღები. ეს შეეხება ბანკიდან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან აღებული სესხის და ლიზინგის პროცენტს. სპორტული ობიექტების შემთხვევაში მოიაზრება ფიტნეს ცენტრები, საცურაო აუზები, სპორტული მოედნები და დარბაზები. 80%-ით დავუსუბსიდიებთ სესხის პროცენტს“,-განაცხადა თურნავამ.