ეს ფაქტობრივად არის ბუტაფორიული, ზედაპირული ცვლილება და შეიძლება ვთქვათ, რომ ეკონომიკა კვლავ ჩაკეტილია და ბიზნესი კვლავ არის შეზღუდვების რეჟიმში - ჩვენ ვიდექით და ვდგავართ, ბიზნესის გვერდით და მივესალმებით მის გააქტიურებას, მის პროტესტს, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა გიგლა მიქაუტაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დღეს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, მთავრობას ბიზნესისთვის რეალური შემსუბუქების მექანიზმები არ წარუდგენია.
“მთავრობის დღევანდელ სხდომას გვეგონა, რომ პრემიერი დაიწყებდა თავისი ლეგენდარული ფრაზით - “მოდით, დავიწყოთ ბოდიშით”, თუმცა აღმოჩნდა, რომ მან მთვარობის სხდომა დაიწყო მუქარით და შანტაჟით იმ ბიზნესის მიმართ, რომელიც მისივე გადაწყვეტილებით თვეებია უკვე შეჩერებულია და არის მძიმე კრიზისის წინაშე. ეს არის ის ბიზნესი, რომელმაც დაასაქმა ასი ათასობით ადამიანი, აიღო სესხი, შექმნა დიდი ინდუსტრია და დღეს ეს ბიზნესი აღმოჩნდა მძიმე კრიზისის წინაშე, მხოლოდ იმიტომ, რომ მთავრობამ ვერ მართა კორონაპანდემია და ფაქტობრივად, უფსკრულში ჩააგდო ეს სექტორი. რეალურად დღევანდელი გადაწვეტილებები შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით არის არაფრისმომცემი. როგორ წარმოგიდგენიათ რესტორნის მუშაობა, რომელიც შაბათ-კვირას არ იმუშავებს, საღამოს არ იმუშავებს და იმუშავებს მხოლოდ გარეთ დასაჯდომი მაგიდები და სკამები. ეს ფაქტობრივად არის ბუტაფორიული, ზედაპირული ცვლილება და შეიძლება ვთქვათ, რომ ეკონომიკა კვლავ ჩაკეტილია და ბიზნესი კვლავ არის შეზღუდვების რეჟიმში. ამ დროს არანაირი რეალური შეთავაზებები, რეალური კომპენსაციები, რეალური შემსუბუქების მექანიზმები მთავრობას ბიზნესისთვის არ წარუდგენია და მივიღეთ მთავრობა, რომელიც არის არა კრიზისმენეჯერი, არამედ “კრიზის-მეიქერი”. შესაბამისად, ჩვენ ვიდექით და ვდგავართ, ბიზნესის გვერდით და მივესალმებით მის გააქტიურებას, მის პროტესტს, ვინაიდან საზოგადოების ერთობლივი პროტესტი გამოიღებს შედეგს.
ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ და ერთად უნდა ვიბრძოლოთ სამართლიანობისთვის, ჩვენ ვუცხადებთ მათ არამხოლოდ მორალურ, არამედ საჭიროების შემთხვევაში იურიდიულ მხარდაჭერასაც და მთავრობისგან კვლავინდებურად მოვითხოვთ, რომ რეალურად გაიხსნას ეკონომიკა და მოიხსნას ის აბსურდული შეზღუდვები, რომელიც ეხება განსაკუთრებით „კომენდანტის საათს“ და ასევე, ჩვენი მეორე მოთხოვნა რჩება ძალაში, რომ მთავრობამ უნდა შეიმუშაოს საბანკო ვალდებულებების რეფინანსირების სისტემური მექანიზმი და არა ისეთი, როგორიც დღეს მოქმედებს”, - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.
შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში განაახლებენ ფუნქციონირებას, თუმცა, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები შაბათ-კვირას შენარჩუნდება.