საქმიანობის სფერო კიდევ ერთმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ შეიცვალა

ბაზრიდან კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გადის.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1-ლი თებერვლის განკარგულების მიხედვით, შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო“-ს მიეცა თანხმობა საქმიანობის საგნის ცვლილებასა და ისეთ მეწარმე-სუბიექტად გარდაქმნაზე, რომელიც არ ახორციელებს მიკროსაფინანსო საქმიანობას.

„შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო“-ში შეწყდეს ლიკვიდაციის პროცესი და ლიკვიდატორის თანამდებობიდან გათავისუფლდეს გიორგი ნაროუშვილი..

ეს განკარგულება გაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს და ადგილობრივი სისტემის ოპერატორს, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წარმოადგენდა ამ სისტემის მონაწილეს.

ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე“ - აღნიშნულია განკარგულებაში.

2019 წლიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა რიცხვი თითქმის ყოველთვიურად მცირდება, რაზეც ეროვნული ბანკის სტატისტიკაც მეტყველებს. კერძოდ, როგორც ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა აღნიშნული, 2019 წლის იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში 65 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული, დღეს კი მხოლოდ 40.