ზუსტად 1-წლიანი პაუზის შემდეგ, კერძო ბაგა ბაღები მუშაობას 1-ლი მარტიდან განაახლებენ - ამის შესახებ საგანმანათლებლო ასოციაცია “ნათის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.
გიგი სისვაძის თქმით, პირობა ბიზნეს ომბუდსმენის და ეკონომიკის სამინისტროსაგან მიიღო. სისვაძე ამბობს იმასაც, რომ 1-წლიანი დახურვის შედეგად ბაღების 30-35% საერთოდ ვეღარ განაახლებს მუშაობას.
,, ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს კოორდინაცია ბიზნეს ომბუდსმენთან. ჩვენი გახსნა არ მოხდა პირველ ეტაპზე, თუმცა პოზიტიურია ის გადაწყვეტილება, რომლის მიხედითაც სესხის პროცენტის სუბსიდირების პაკეტი კერძო ბაღებსაც შეეხო. ეს იყო ჩვენი მოთხოვნა და გვიხარია, რომ შესრულდა.
რაც შეეხება ფუნქციონირების აღდგენას, დაგვპირდნენ, რომ პირველი მარტიდან გავიხსნებით. ჩვენ ჩვენის მხრივ ვთხოვეთ ოფიციალურ უწყებებს, რომ იქამდე მოხდეს შეხვედრა ეპიდემიოლოგებთან და იმ საკითხზე შეთანხმება, რაც პრობლემურია. რატომღაც გვაიგივებენ საჯარო ბაღებთან, სადაც გაცილებით დიდია კონტინგენტი და არ არის დაცვის ის საშუალებები, რაც ჩვენთან. ამიტომ აუცილებელია შეხვედრა, რადგან კერძო ბაღები, რომლებიც აკმაყოფილებენ სტანდარტებს და ნორმებს, ეპიდემიოლოგიური სურათის ცვლილების შემთხვევაშიც არ დაგვხურონ.
ჩვენ ვართ გასული წლის 1-ლი მარტიდან დაკეტილი და აღმოვჩნდით ძალიან რთულ მდგომარეობაში. ბაღების 30-35% ვეღარ დაუბრუნდება ბაზარს. მათ უკვე გაუქმებული აქვთ საიჯარო ხელშეკრულებები და თუ გაიხსნებიან, მოუწევთ ნულიდან დაწყება. შეხვედრაზე ასევე გვინდა საკითხების გავლა, რომ დაგვეხმარონ თანამშრომელთა ტესტირებაში და გავიაროთ სხვა ტექნიკური დეტალები“ - ამბობს სისვაძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“.
ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეტაპობრივი გახსნის პროგრამა 8 თებერვალს დაიწყება. 15 თებერვლიდან კი ყელა სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება. რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, ზუსტი თარიღი, თუ როდის განაახლებენ ისინი მუშაობას, ჯერჯერობით უცნობია, ამაზე ოფიციალური განცხადება მთავრობაში არ გაკეთებულა.