დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ შეზღუდვების მოხსნამ არ გამოიწვიოს მობილობის მატებასთან ერთად შემთხვევების მატებაც,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო შეინარჩუნებს მობილიზებული საწოლების იმ რაოდენობას, რაც საჭირო იქნება იმისათვის, რომ თუკი შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს, საპასუხო რეაგირება ჯანდაცვის სექტორიდან დროულად განხორციელდეს.
"ძალიან კარგია ის, რომ ეპიდემიოლოგიური სურათი გარკვეულწილად სტაბილიზაციისკენ მიდის და დადებითობის მაჩვენებელი ნამდვილად დამაიმედებელია ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. შეზღუდვების მოხსნა დაანონსდა და რა თქმა უნდა, დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ ამან არ გამოიწვიოს მობილობის მატებასთან ერთად შემთხვევების მატებაც. აქ დაცვის საშუალება არის იმ წესების დაცვა, რომელიც დადგენილია, განსაკუთრებით, ნიღბის გამოყენება. პირბადე არის მთავარი დაცვის საშუალება, სოციალური დისტანცირება, ხელების ჰიგიენა, ეს არის სამი ინსტრუმენტი, რომელიც თუ არ გვინდა, რომ თავიდან დავიწყოთ შეზღუდვებზე ლაპარაკი, უნდა დავიცვათ ეს წესები. რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სექტორი რჩება სრულად მობილიზებულ მდგომარეობაში, საწოლფონდი ისევ ნარჩუნდება, თებერვლის ბოლომდე ჩვენ შევინარჩუნებთ მობილიზებული საწოლების იმ რაოდენობას, რაც ვთვლით, რომ თუკი მოიმატებს შემთხვევათა რაოდენობა, საჭირო იქნება იმისათვის, რომ საპასუხო რეაგირება ჯანდაცვის სექტორიდან დროულად განხორციელდეს,"- განაცხადა გაბუნიამ.