გამოწვევებს უკეთესად ლარის მსესხებლები უმკლავდებიან - კობა გვენეტაძე

გამოწვევებს უკეთესად ლარის მსესხებლები უმკლავდებიან - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე "ფეისბუკზე" წერს.

მისი თქმით, პანდემიით გამოწვეულმა შოკმა მნიშვნელოვანი ფინანსური სირთულეები შეუქმნა მსესხებლების დიდ ნაწილს, თუმცა, პრობლემები უფრო მეტად უცხოური ვალუტის სესხებშია.

"გუშინდელ ბრიფინგზე საკმაოდ ვრცლად ვისაუბრე იპოთეკურ სესხებზე, უფრო კონკრეტულად კი, მთლიან იპოთეკურ სესხებში უმოქმედო და რესტრუქტურიზებული სესხების წილზე. მოგეხსენებათ, პანდემიით გამოწვეულმა შოკმა მნიშვნელოვანი ფინანსური სირთულეები შეუქმნა მსესხებლების დიდ ნაწილს, თუმცა, როგორც გრაფიკებზე ხედავთ, პრობლემები უფრო მეტად უცხოური ვალუტის სესხებშია.

მიუხედავად იმისა, რომ დოლარისა და, განსაკუთრებით ევროს, სესხები საკმაოდ დაბალი საპროცენტო განკვეთებითაა გაცემული, გამოწვევებს უკეთესად სწორედ ლარის მსესხებლები უმკლავდებიან.

ეს გრაფიკები კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტს უსვამს ხაზს - თუ რამდენად კრიტიკული და აუცილებელი იყო წინა წლებში გატარებული მაკროპრუდენციული ღონისძიებები; მათ გარეშე, შედეგი გაცილებით უფრო დამაზიანებელი იქნებოდა.

საბოლოდ, ეს ყველაფერი კარგი ილუსტრაციაა იმისა, რაც არაერთგზის აღმინიშნავს - სესხის აღება იმ ვალუტაში სჯობს, რომელშიც შემოსავალი გაქვს . . .",-წერს გვენეტაძე.

146381747-10225034131347369-6846533845050469906-n-1612442719.jpg

145938929-10225034131387370-1063246639952551706-n-1612442755.jpg