იცხოვრე მარტივად, წარმატების პიკზე ყოფნისას კი წადი - ჯეფ ბეზოსის ცხოვრების წესები

მან თავი დაანება კარიერას და 30 წლის ასაკში ყველაფერი ნულიდან დაიწყო. დასცინოდნენ, მის სტარტაპს მკვდარი უწოდეს, მაგრამ ამას მისთვის ხელი არ შეუშლია. დღეს ბეზოსი Forbes- ის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაშია. სეირნობს რობოტთან ერთად და ილონ მასკთან ერთად აშენებს ტექნოლოგიურ იმპერიას. მაგრამ რაღაც იცვლება...

2021 წელს ჯეფ ბეზოსი Amazon– ის გენერალური დირექტორის თანამდებობას ტოვებს და კომპანიის გამგეობის აღმასრულებელი თავმჯდომარე ხდება. გადაწყვეტილების შესახებ განცხადება თავად ბეზოსმა გაავრცელა. მისი აზრით, კომპანიის ფინანსური საქმიანობა და ძლიერი პოზიცია მას პოზიციის შეცვლის საშუალებას აძლევს.

“Amazon ინოვაციის უმაღლეს დონეზეა და ახლა შესაფერისი დროა ასეთი ცვლილებებისთვის.” -აცხადებს ბეზოსი.

გასულ წელს, პანდემიის დროს კომპანიის აქციები მკვეთრად გაიზარდა. იქამდე კი, ბეზოსი ზედიზედ რამდენიმე წლის განმავლობაში მსოფლიოს ყველა მილიარდერს უსწრებდა. ბლუმბერგი და Forbes- ი მას მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანად ასახელებდა.

ბეზოსის წარმატების ისტორია გარკვეულწილად კინოს გავს, თუმცა ძალიან მარტივია მისი ცხოვრების წესები.

წესი N1. არ გეშინოდეთ თავიდან დაწყება

30 წლის ჯეფ ბეზოსს მართლაც ბევრი ჰქონდა დასაკარგი. რამდენიმე წლის განმავლობაში Wall Street- ის სხვადასხვა ფირმებში მუშაობის შემდეგ, იგი ფინანსური კომპანიის D.E.Shaw & Co. ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობდა. დიდი ხელფასის და სტაბილური სამუშაოს მიუხედავად, მისთვის ეს საკმარისი არ იყო.

პრინსტონის ინფორმაციული ტექნოლოგიის კურსდამთავრებული ბეზოსი ხედავდა, თუ როგორი ტემპით იზრდებოდა ინტერნეტის მნიშვნელობა ყოველდღიურობაში. სწორედ მაშინ მიხვდა, რომ ტოპ მენეჯერის სავარძელში კომფორტულად ყოფნისას, რაღაც მნიშვნელოვანს აკლდებოდა.

1994 წელს მივიდა თავის უფროსთან და უთხრა, რომ სამსახურიდან წასვლა და მის ოცნებაზე მუშაობა სურდა. ოცნება კი ონლაინ წიგნების მაღაზიის გახსნა იყო. ხელმძღვანელის აზრით, ბეზოსის იდეა შეიძლება ცუდი არ იყო, მაგრამ ასეთ სამსახურში მყოფ ადამიანს მსგავსი იდეები არ შეეფერებოდა.

ბეზოსმა კი იცოდა, რომ რისკავდა, მაგრამ გადაწყვეტილება საბოლოო იყო. როგორც მოგვიანებით იტერვიუებში იხსენებდა, ბეზოსმა წარმოიდგინა, რომ 80 წლის კაცი იყო, რომელიც ყოველთვის ინანებდა დანებებას.

ასე გაჩნდა ამაზონის ონლაინ მაღაზია.

წესი N2. არ შეგეშინდეთ წარუმატებლობისა და კრიტიკის

1997 წელს ცნობილმა ბიზნეს ანალიტიკოსმა გამოაქვეყნა ანგარიში სახელწოდებით Amazon.Corpus. ფინანსისტმა ბეზოსის ახლად დაწყებული და სუსტი ბიზნესი დაუნდობლად გააკრიტიკა: მას მხოლოდ 125 თანამშრომელი ჰყავს და უკვე წიგნების საცალო ვაჭრობის ინტერნეტ მაღაზიებს ხსნის.

ჟურნალისტებმა კრიტიკა აიტაცეს, პრესა სტარტაპს “გვამს“ ადარებდა და მკვდარს უწოდებდა, კომპანიის თანამშრომლები ამის გამო ძალიან ნერვიულობდნენ.

როგორც ბეზოსი მოგვიანებით hbr-russia.ru- თან იხსენებს, ამ კრიზისის დროს მან ყველანი შეკრიბა და რამდენჯერმე გაუმეორა: "თქვენ უნდა გაიღვიძოთ დილით შიშით, მაგრამ არა ჩვენი კონკურენტების წინაშე. უნდა შეგეშინდეთ ჩვენი მომხმარებლების. იმიტომ, რომ მათ ფული მოაქვთ. კონკურენტები, რა თქმა უნდა, ფულს არ მოგვიტანენ. ”

წესი N3. არ იფიქროთ კონკურენტებზე

ბეზოსი აღიარებს, რომ წარმატების ერთგვარი ფორმულა და მოცემულობა არ არსებობს. არიან კარგი მეწარმეები, რომლებიც დილით შხაპის მიღებისას ფიქრობენ, თუ როგორ უნდა აჯობონ კონკურენტს. თუმცა მისთვის უფრო ადვილია იფიქროს არა კონკურენტებზე, არამედ მხოლოდ მომხმარებლებზე. დაუსვას თავის თავს კითხვები: როგორ გავაუმჯობესოთ მომსახურება? რა შევთავაზოთ ახალ მომხმარებლებს?

ამას მუდმივად ახსენებს თავის თანამშრომლებს და განმარტავს: ”მსურს მრავალი წლის განმავლობაში თქვან ჩვენზე, რომ სწორედ ჩვენ ვაიძულეთ მთლიანი მსოფლიო ბიზნესი, მომხმარებლის იტერესების გარშემო აწყობილიყო.“

წესი N4. ხანგრძლივი ქორწინება კარგია

ჯერ კიდევ სამი წლის წინ ეს წესი ასე გაჟღერდებოდა - “დაქორწიდით საუკეთესო ქალზე და არ დაშორდეთ". მაგრამ 2019 წელს ბეზოსი მეუღლეს, მწერალს მაკენზი ბეზოსს, 25-წლიანი ოჯახური თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა.

მანამდე მან ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ბედნიერი ქორწინება მისი წარმატების ერთ-ერთი საიდუმლოა. რომ ცხოვრების პარტნიორს საგულდაგულოდ არჩევდა, რადგან სჭირდებოდა გვერდით ინტელექტუალური ქალი, რომელიც შთააგონებდა.

განქორწინების შემდეგ მაკენზი ბეზოსმა ამაზონის აქციების 4% მიიღო, ამიტომ იგი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი გახდა.

წესი N5. გიყვარდეთ ტექნოლოგია

ბავშვობაში ჯეფ ბეზოსი ხშირად ატარებდა დროს ბაბუის ფერმაში. იქ მას უყვარდა ტექნიკის გამოყენება და ეტანებოდა ისეთ რთულ მოწყობილობებს, რომლებზეც მოზრდილები დიდი ხანია უარს ამბობდნენ. შეაკეთა ძველი ქარის წისქვილები, დაშალა ბაღის დანადგარები. მშობლების სახლში მან თავისი ოთახის სიგნალიზაცია მოაწყო. ბეზოსი იხსენებს, რომ ყოველთვის უყვარდა ინოვაციური ტექნიკის გამოგონება.

დღეს პრესაში ჯეფ ბეზოსს არა მხოლოდ "უმდიდრეს კაცს", არამედ “მთავარ ტექნოლოგს“ უწოდებენ.

Amazon არ არის მხოლოდ აგრეგატების საიტი და მიწოდების სისტემა, ეს მზარდი ტექნიკური იმპერიაა. ეს არის “ჭკვიანი“ სისტემა, Amazon Echo ხმის ასისტენტი, თვითმფრინავები, რომლებსაც გადააქვთ საქონელი, რობოტები საწყობებში. ეს არის მაღაზიათა ქსელი გამყიდველისა და სალარო აპარატების გარეშე, სადაც მყიდველი შედის, იღებს მისთვის მოსაწონ პროდუქტებს და შენობას ტოვებს. ბიომეტრიული კამერები მომხმარებლის ავტომატურ იდენტიფიცირებას ახდენენ, ასკანირებენ შენაძენს, ყველაფერი გადააქვს მონაცემთა ბაზაში და საფოსტო განყოფილებაში ინვოისს აგზავნის. რა თქმა უნდა, ასეთ მაღაზიებში ყველაფერი არ არის იდეალური: კამერები “აბნევს” ხალხსაც და საქონელსაც, მაგრამ ტექნოლოგია სამომავლოდ უდიდეს კომფორტს და განვითარებას გვთავაზობს.

ბეზოსის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტია კოსმოსური კომპანია Blue Origin, რომელიც 2000 წელს დაარსდა. მისი მიზანია კოსმოსური ტურიზმის ნიშის დაუფლება.

წესი N6. არ შეგეშინდეთ, რომ მიმბაძველობაში დაგადანაშაულებენ

შეტაკებები ჯეფ ბეზოსსა და ელონ მასკს შორის რეგულარულად ხდება. მათი ურთიერთობა დიდი ხანი არ არის რაც დათბა, რადგან ისინი ერთმანეთს რაკეტებს “ატოლებენ.“ თუმცა, წლების განმავლობაში მათი ურთიერთობა სულ უფრო და უფრო მეგობრული ხდებოდა.

ახლახანს მასკმა ბეზოსს თვითმართვადი მანქანების სტარტაპის Zoox– ის შეძენის გამო დასცინა.

მასკმა ტვიტერზე დაწერა: "ჯეფ ბეზოსი მიმბაძველია ჰაჰა". მასკი Tesla– ს ხელმძღვანელია, რომელიც მძღოლის ელექტრონული დამხმარე სისტემის ელექტრო მანქანებს აწარმოებს. მანამდე კი მასკმა დაწერა, რომ Amazon- მა უზრუნველყო მონოპოლია ბაზარზე და ეს უნდა შეჩერებულიყო. ბეზოსს ასევე მიმბაძველი უწოდა, როდესაც ამაზონის დამფუძნებელმა განაცხადა, რომ კოსმოსური კომპანია Blue Origin, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ორბიტაზე თანამგზავრების გაშვებას გეგმავს. მსგავსი პროექტი ხორციელდება SpaceX- ის მიერ, მასკის ხელმძღვანელობით.

მაგრამ ბეზოსს სულაც არ აინტერესებს მასკის მოსაზრებები...

წესი N7. იყავი მარტივები და კარგად გამოიძინეთ

ჯეფ ბეზოსს რვა საათი სძინავს. მას არ მოსწონს გადატვირთვა, თვლის, რომ ეს საზიანოა. თუ ოჯახთან ერთად ატარებს დროს, ფოსტას და საქმიან მოლაპარაკებებს აიგნორებს.

"ადრე ვდგები. დასაძინებლად ადრე ვწვები. მიყვარს გაზეთის კითხვა. მიყვარს ყავა. მიყვარს ბავშვებთან ერთად საუზმე, სანამ ისინი სკოლაში მიდიან", - ამბობს ბეზოსი.

მას უყვარს ხალისიანი სამუშაო გარემო და ხშირად ხუმრობს. კალიფორნიაში ჩატარებული MARS ტექნოლოგიის კონფერენციის დროს, შენობაში ბეზოსი "თავის ახალ ძაღლთან ერთად სეირნობდა", ფოტო ტვიტერზე გავრცელდა. ეს იყო ამერიკული სტარტაპის Boston Dynamic– ს შექმნილი რობოტი ძაღლი SpotMini.

ბეზოსს ახსოვს ბავშვობის ოცნებები და ჰობი: სტუდენტობის დროს თაყვანს სცემდა სამეცნიერო ფანტასტიკას, მან ითამაშა ფილმში "Star Trek: Infinity". ბეზოსს ჯერ კიდევ აქვს უამრავი ნათელი და საინტერესო იდეა, ამიტომ მის შესახებ უფრო მეტს შეიტყობთ.

თეონა რამაზაშვილი