გაფართოებული ტესტირების ფონზე, დადებითობის მაჩვენებელი გვეუბნება, რომ შესაძლებელია ნაბიჯები დაწესებულ შეზღუდვათა შემსუბუქებისკენ გადაიდგას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიაძემ განუცხადა.
"თავიდანვე იყო გაცხადებული, რომ ქვეყანა ჩაკეტილი ვერ იქნება, რომ უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას. შემსუბუქებები თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად იყო. გარკვეული შემსუბუქება იყო საახალწლოდ, შემდეგ ისევ გამკაცრდა. ითქვა, რომ იანვარში მდგომარეობას დავაკვირდებოდით. მაშინვე გამოცხადდა, რომ 1-ელი თებერვლიდან გარკვეული შემსუბუქებები იქნებოდა. ეპიდსიტუაცია სრულად დამშვიდებული არ არის, მაგრამ დამშვიდებისკენ მიდის. სიტუაცია სტაბილიზაციისკენ მიდის, ამიტომ თანდათანობით შემსუბუქებები მიმდინარეობს", - განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, რისკი ყველა შემსუბუქებას მოჰყვება, თუკი საზოგადოება კვლავ არ შეიქმნის ილუზიას, რომ კორონავირუსი დამარცხდა. გამყრელიძე იმასაც ამბობს, რომ პატარა საქართველოსთვის ინფიცირების 400-500 შემთხვევა მნიშვნელოვანია.
"უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, მოზომილად. ყველამ უნდა ვატაროთ პირბადე, რაც გახლავთ მთავარი დამცავი საშუალება. ჩვენ წელიწადი და კიდევ ცოტა მეტი პირბადის ტარება დაგვჭირდება - გავითავისოთ ეს! სანამ მოსახლეობის 70% არ აიცრება და ვირუსზე მოქმედების ეფექტური წამალი არ დამტკიცდება, პირბადე, ხელების ხშირი დაბანა, დისტანციის დაჭერა და ასე შემდეგ აუცილებელი იქნება. ამას უნდა შევეგუოთ", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.