იანვარში უკანონო ტყითსარგებლობის 294 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 294 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 4 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 137 ფაქტი კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა.

„იმერეთში დაფიქსირდა 56 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთში - 23, ქვემო ქართლში - 20, აჭარაში - 19, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 18, მცხეთა-მთიანეთში - 11, შიდა ქართლში - 6, გურიაში - 3, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი 1 სამართალდარღვევა გამოვლინდა. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 419 მ3-მდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 26 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 7 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.