2020 წელს ტექინსპექტირება 710 378-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, საიდანაც 31% დახარვეზდა

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს ტექინსპექტირება 710 378-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, საიდანაც 31% დახარვეზდა.

„ინტერპრესნიუსმა“ სავალდებულო ტექინსპექტირების 2020 წლის შედეგების შესახებ ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან გამოითხოვა.

უწყების ინფორმაციით, გასულ წელს ტექინსპექტირება 710 378-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, საიდანაც 488 824, ანუ მთლიანი რაოდენობის 69% ვარგისი იყო, მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა 219 895-მა, ხოლო გადაადგილება აეკრძალა 1 659 ავტოსატრანსპორტო საშუალებას.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, გასულ წელს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 13 863-მა მიკროავტობუსმა გაიარა, საიდანაც 42-ს გზაზე გადაადგილება აეკრძალა, ვარგისი იყო 9 657, ხოლო მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა 4 164-მა მიკროავტობუსმა.

შეგახსენებთ, 2018 წელს ამოქმედდა ტექნიკური ინსპექტირება სამგზავრო და სატვირთო ავტომობილებისთვის, სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, აგრეთვე 3 000 კუბ/სმ ან მეტი ძრავის მოცულობის მქონე ავტომობილებისთვის. ამასთან, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება მთლიანად ავტოპარკისთვის სავალდებულო გახდა.