კორეის რესპუბლიკაში, სეულში, ხელი მოეწერა „საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებას. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, კორეის მთავრობის მხრიდან აღნიშნულ შეთანხმებას ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა, კან კუნგ-ვამ, ხოლო საქართველოს მთავრობის მხრიდან, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა.
„ხსენებული შეთანხმება ხელს შეუწყობს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის შესაძლებლობათა გაფართოებას, ორი ქვეყნის ხალხთა შორის მეგობრობის, ურთიერთგაგებისა და ურთიერთთანამშრომლობის დამყარების მნიშვნელობას, ასევე ორ ქვეყანას შორის ტურიზმისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას“,-აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.