„200 გასართობი ცენტრიდან 60% გაცამტვერდა“ ,- ამის შესახებ „ლაიქის“ დირექტორმა, გასართობი ცენტრების ასოციაციის დამფუძნებელმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
გიორგი მთიულიშვილის თქმით, მათ სექტორს არანაირი შეღავათები არ შეხებია, შესაბამისად, დაანონსებული აქცია შაბათს მაინც ჩატარდება.
„დაახლოებით 200 ობიექტია (გასართობი ცენტრი), საიდანაც დაახლოებით, 60% გაცამტვერდა და გასხვისდა. პირდაპირი მნიშვნელობით აღარ არსებობენ ეს კომპანიები. იმიტომ, რომ გაყიდეს ნივთები და თავი ირჩინეს ეს ერთი წელი. სახელმწიფომ რომ გვითხრას, ხვალ გხსნით მკაცრი რეგულაციების დაცვით და ა.შ. პროდუქციის შესატანი ფინანსებიც არ გვაქვს. ეს ფინანსები რომ გვქონოდა, მართლა მეუღლის ბეჭედს კი არ დავალომბარდებდი და ისე ჩავრიცხავდი თანხას... აუცილებელია სახელმწიფოს ჩარევა ამ კუთხითაც. ჩვენ არ ვითხოვთ - სახელმწიფო, თანხა მაჩუქე, რომელიც გადმოგირიცხე... ჩვენ ვეუბნებით, რომ იაფი კრედიტი, ან რამე მექანიზმი მოიფიქრეთ, რათა მცირედი თანხა ავიღოთ და როდესაც გავიხსნებით, ელემენტარული პროდუქცია შევიტანოთ, გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან.
ჩვენ ხვალ პარლამენტთან, როგორც იყო დაანონსებული, ველოდებით ბავშვებს, მშობლებს, გვეყოლება ანიმატორები. ადგილზე, ცენტრშიც დავაანონსეთ, რომ გავიხსენით. თუ ეს არ გამოიტანს შედეგს, თუ ამ „ომში“ ჩამოგვაკლდებიან ადამიანები (რაც ძალიან სამწუხაროა და იმედია, ყველას გაახსენდება ის მემორანდუმის აქტი, რაზეც ხელი მოაწერეს, რომ ჩვენ ერთამენთს გვერდში უნდა დავუდგეთ ბოლომდე) და ბრძოლის ველზე მიგვატოვებენ, სულ მარტო რომ ვიყო (და მაინც არ ვარ მარტო, ცენტრების ასოციაციის სახელით ვლაპარაკობ, აბსოლუტურად ჰაერში ვართ გამოკიდებული), ბოლომდე მაინც გავიტანთ. აქ არის ტურისტული კომპანიები, გიდები, ვინც ჩვენთან ერთად არიან, ის საორგანიზაციო ჯგუფი, ვინც ვერაფერი მიიღო. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ქვეყანა გაიხსნას, მკაცრი რეგულაციების დაცვით“,- განაცხადა გიორგი მთიულიშვილმა.