მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსი - „M ვექტორი“ პროექტის პირველ ეტაპზე მონაწილეობის მიღების მიზნით დაინტერესებულ უფროსკლასელებს იწვევს. მსურველებს 20 იანვრიდან შესაძლებლობა ექნებათ რეგისტრაცია „M ვექტორის“ ვებგვერდზე - www.mvector.ge გაიარონ. რეგისტრაციის სისტემის ბმული და პროექტის შესახებ ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვების მსგავსად, ოფიციალურ Facebook გვერდზეც - https://www.facebook.com/www.mvector.ge განთავსდება.
დაინტერესებულ პირებს კონკურსში ჩართვა მაისის ბოლომდე, პროექტის პირველი ეტაპის დასრულებამდე შეეძლებათ, ამავე, ძირითად ეტაპზე ხდება საკონკურსო თემებსა და დავალებებზე მუშაობაც.
2020 წელს საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, მათემატიკითა და ალგორითმული აზროვნებით დაინტერესებულ უფროსკლასელებს ახალი, ინოვაციური და ფორმატით გამორჩეული კონკურსი შესთავაზა. პროექტი სახელწოდებით - „M ვექტორი“ თანამედროვე გამოწვევებსა და ტენდენციებზე ორიენტირებული კონკურსია. მისი მიზანია მოსწავლეებში მათემატიკური, ალგორითმული აზროვნების გამოვლენა, ცოდნის გაღრმავება, ასევე, ამ ცოდნით კონკრეტული მათემატიკური პრობლემების საინტერესო გადაჭრის გზების მიგნების ხელშეწყობა.
„M ვექტორი“ უპირატესად მეთორმეტეკლასელებსა და აბიტურიენტებზეა გათვლილი, თუმცა პროექტი მკაცრ შეზღუდვას არ აწესებს, მასში მონაწილეობის მიღება მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებსაც შეუძლიათ. 2020 წელს კონკურსის წინასწარ განსაზღვრული ფორმატი პანდემიის გამო სრულად შეიცვალა და ყველა ეტაპი ონლაინ წარიმართა. ახალგაზრდებისთვის საინტერესო და, რაც მთავარია, ინტეგრირებული სივრცეების შექმნაზე „M ვექტორის“ ექსპერტებმა, მენტორებმა იზრუნეს. პროექტის ვებ და Facebook გვერდები კი მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის სასწავლო და შემეცნებითი სივრცის ფუნქციასაც ასრულებდა.
2020 წელს „M ვექტორის“ კონკურსზე საქართველოს 55 ქალაქიდან და სოფლიდან 500-მდე მსურველი დარეგისტრირდა. მათი უმეტესობა მე-12 კლასის მოსწავლე იყო. პროექტის დასკვნით ეტაპზე 76 მონაწილე შეირჩა, მათგან გამარჯვებული თბილისის, ჭიათურის, ადიგენის, ზუგდიდის, ქუთაისის, საგარეჯოსა და ფოთის სკოლების 18 მოსწავლე გახდა. ამასთან, ყველა გამარჯვებულ მე-12 კლასელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა პრიზებთან ერთად, KIU-ში სწავლის შესაძლებლობა სრული დაფინანსებით შესთავაზა.
2021 წელს, გასული წლის მსგავსად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს კონკურსის ყველაზე წარმატებული მონაწილეებისათვის სხვადასხვა პრიზი აქვს დაწესებული.